საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისართან, ილიანა ივანოვასთან.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა ევროკომისარს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მას და ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოზიტიური რეკომენდაციისთვის.
„მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლიდერების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და ბოლო წლებში გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდება. გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის უნიკალური პროექტის, „ევროპის სკოლა – თბილისის“ შესახებ.
მისი თქმით, ევროპის სკოლის იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულების დაარსებას ითვალისწინებს, არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ის მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე გაიხსნება.
მინისტრმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარეობს. მან განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება ახალგაზრდობის მიმართულება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
„შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით. მისი თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნეს მისი ისტორიული მნიშვნელობა.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ილიანა ივანოვამ მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში. მან დადებითად შეაფასა განათლების მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.