გიორგი ამილახვარმა და პაველ ჰერჩინსკიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა დაათვალიერეს.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს და ეს არის უნიკალური ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად ევროპული სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თემურ ჯანჯალია და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეც გაეცნენ.
„ევროპული სკოლის შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ. აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულტურულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას – ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას შესთავაზებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შეთანხმებული პროექტის -„20 შედეგი 2020 წლისთვის” ერთ-ერთი მიზანია. პროექტს ახორციელებს გაერო-ს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას, მასწავლებლების გადამზადებას სასწავლო აკადემიის მეშვეობით და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმის განვითარებას. სკოლა აგრეთვე შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.