გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორთან, ჰაფიზ პაშაევთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჰაზიფ პაშაევს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სემინარის, კონფერენციისა და კულტურული პროგრამის განხორციელების მხარდაჭერასაც.

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.