გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რექტორთა საბჭოს ფორმატი განაახლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

შეხვედრა მინისტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და რექტორებისგან მიიღო ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.

მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭოს შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.