გიორგი ამილახვარი - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი საზოგადოებასთან უნდა იყოს შეთანხმებული, ამიტომ გამოვაქვეყნეთ პროექტი და ადამიანებს უკუკავშირის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი პირველად მთავრობის დადგენილებით 2004 წელს არის მიღებული და მას შემდეგ არ განახლებულა. ალბათ უფრო ადრეულ ჩარევასაც საჭიროებდა, რადგან შეუძლებელია, 20 წლის განმავლობაში არა მხოლოდ განათლებაში, არამედ ნებისმიერ სფეროში არ ხდებოდეს გარკვეული ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
გიორგი ამილახვარის თქმით, საუბარია ზოგადი განათლებისთვის და, ზოგადად, განათლების რეფორმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ფუძემდებლურ საკითხსა და დოკუმენტზე.
განათლების მინისტრის თქმით, სწორედ ამ მიზნით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალე უწყებაში შეიქმნა ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ ზოგად სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული ადამიანები და შიდა უწყება.
„პირველი, რითიც უნდა დაგვეწყო ფუნდამენტის გადახედვა, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლებიც ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, პოსტულატებს, ძირითად ღირებულებით ნაწილს, როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა ჩვენ ზოგადი განათლების შედეგად. ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო და რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან კვალიფიციური ექსპერტების და სამინისტროს ყველა წარმომადგენლის მხრიდან ხდებოდა ამ დოკუმენტის გადახედვა, სხვადასხვა ანალიზი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ჭრილში. საბოლოოდ, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სამინისტროში შევჯერდით პირველად ვერსიაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახლა იყო დრო, დაგვეწყო საჯარო განხილვები“, – განაცხადა ამილახვარმა.
მისივე განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ისეთი სახის დოკუმენტი, რომელსაც საბოლოოდ მთავრობის გავლით პარლამენტი ამტკიცებს.
„საკმაოდ ინკლუზიურ, ფორმალურ პროცესს მოიცავს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. განსაკუთრებით, იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებიც დაკავშირებული არიან სასკოლო განათლებასთან. ესენი არიან თავად მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ექსპერტები, დარგის მცოდნე ადამიანები, სკოლის დირექტორები. ამიტომ ჩვენ სწორედ ასე დავგეგმეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, გამოვაქვეყნეთ პირველადი დოკუმენტის პროექტი საჯაროდ, სადაც ყველას, ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, მივეცით შესაძლებლობა, თავიანთი უკუკავშირი გაეზიარებინათ ჩვენთვის. ამ ყველაფრის გადამუშავება, ანალიზი ჩვენი სამინისტროს, შესაბამისი უწყებების მხრიდან ახლაც მიმდინარეობს.
რაც მთავარია, ჩვენ დავიწყეთ ჩვენ მიერ დაინიცირებული საჯარო განხილვები. რამდენიმე, საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეხვედრა შედგა თბილისში, თელავში, ქუთაისში. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გვაინტერესებდა საზოგადოების აზრი, პრაქტიკულად, მიღებული გვაქვს. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, არცერთი მიღებული წინადადება არ დარჩება უყურადღებოდ, რომელიც თანხვედრაშია იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეს დოკუმენტი ავაგეთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.