გიორგი ამილახვარი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, დევიდ ვან უილთან შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დევიდ ვან უილს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობას საერთო უსაფრთხოების გამოწვევებისა და ნატო-ს პრიორიტეტების შესაბამის კვლევით საქმიანობაში.
მინისტრის თქმით, ეს პროგრამა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს, წამყვან მეცნიერებთან ერთად იმუშაონ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე.
გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ნატო-ს პროგრამით „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ არაერთი ქართველი მკვლევარი უკვე დაინტერესებულია. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ნატო-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში ნატო-საქართველოს სამეცნიერო დიალოგის ფორმატის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.
ნატო-სა და საქართველოს შორის სამეცნიერო დიალოგის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრას ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდა“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.