გიორგი ამილახვარი - უკრაინის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები ფაქტი, მტკიცებულება, და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა, ბუნებაში ვერ იარსებებს
გიორგი ამილახვარი - უკრაინის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები ფაქტი, მტკიცებულება, და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა, ბუნებაში ვერ იარსებებს

უკრაინის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები ფაქტი, შედეგი, მტკიცებულება, და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა, ბუნებაში ვერ იარსებებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ძალიან ლოგიკური და მარტივია, რომ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ხელში უნდა გეჭიროს მტკიცებულება, რათა ეს მყისიერად დადო და დაანახო მთელ მსოფლიოს. ეს ხომ მხოლოდ საქართველოსადმი არ არის მიმართული?! ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი ასევე არის ძალიან რთული, მძიმე და ბინძური პროპაგანდისტული ომი, რაც მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით და აგერ უკვე, ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ამ პროპაგანდისტული ომის მიზანია, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალში მოხდეს საქართველოს გაშავება, თითქოს საქართველო ცდილობს, პუტინის შავი ხვრელი გააჩინოს, რომ ქვეყანა იყოს არალეგალური ტვირთების რაღაც სატრანზიტო ზონა.

„აი, ასეთი ბინძური ბრალდებები ისმის და ეს არის მთელი ამ ამბის ამოცანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვუპირისპირებთ სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს, მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკრაინის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები სერიული ხასიათის იყო.

„იქ ვიცე-პრემიერმა გააკეთა განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარტიის, რადას თავმჯდომარემ, აღარაფერს ვამბობ ერთეულ დეპუტატებზე. ეს იყო სერიული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი“, – განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ მსგავსი ჩირქის მომცხები, მოგონილი ბრალდებების სერია უახლოეს მომავალში იქნება, როგორც უკრაინიდან, ისე საქართველოდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან.

„ვიმედოვნებ, აქ უბრალოდ, უკრაინის ხელისუფლება შეცდომაშია შეყვანილი მათ მიერ და ამას გამოავლენენ. იმედია, ამას ყურადღებით მოეკიდებიან და მომავალში აღარ მოხდება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, მომავალ დღეებში გაგრძელდება პირდაპირ შტურმი – პროვოკაცია „ომის პარტიის“ მხრიდან, რომ როგორმე, საქართველო ომში ჩაერთოს, რადგან ეს „ომის პარტიის“ მიზანია.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე ბრალდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა ურყევად გაგრძელდება, როგორც უკრაინის ხელისუფლებისადმი, ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისადმი, როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დონეზე.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არის მმართველი პარტიისთვის „ლელოს“ რეზოლუციის განხილვა მიუღებელი და არის თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი რეზოლუციის ჩანაწერების შინაარსი, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის შინაარსი მიუღებელი კი არ არის, სამართლებრივი ნონსენსია და „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციის განხილვას და მხარდაჭერას არ აპირებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ომის პარტიის და მისი სატელიტების რეზოლუციების განხილვას. „ლელო“ ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ანალოგიურ ნარატივზე ზის და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მათი რაღაც დოკუმენტების განხილვას არ ვაპირებთ. რაც შეეხება რეზოლუციის ჩანაწერების შინაარსს, ეს მიუღებელი კი არ არის, სამართლებრივი ნონსენსია. ეს არის ფაქტი, ვინაიდან, რას გვთხოვს ჩვენ „ლელო“ ამ შემთხვევაში? რომ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანომ გამოიტანოს სამართლებრივი განაჩენი?! ამას გვთხოვს?! მაშინ, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, რომელმაც ჰააგის სასამართლოს მივმართეთ, რათა გამოიძიოს და დაადგინოს ომის დანაშაულები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახლა ხდება და მიმდინარეობს უკრაინაში. ეს არის სამართლებრივი შეფასება, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურს, ამას ყოველდღე ვამბობთ და ვადასტურებთ ჩვენი პოლიტიკური გზავნილებითა და გადაწყვეტილებებით, რომ რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის მიერ წარმოებული და იქ რა დანაშაულებიც ხდება, არის რუსეთის ფედერაციის დანაშაული“, – განაცხადა ამილახვარმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტს, გმობს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ მოქმედებას და გავრცელდება თუ არა მმართველი პარტიის სახელით განცხადება ამასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ამილახვარმა განაცხადა, რომ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მისამართით ამაზე მეტი ყურადღების გასამახვილებელი რომ არ აქვს, ეს უკვე დიაგნოზია, რომ ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა.

„ამას რა განცხადება უნდა?! დიახ, ვგმობთ და დიახ, მიუღებელია. ეს ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის უკიდურესად ამაზრზენი ნაბიჯი, როდესაც ასეთ ვითარებაში ჩადიხარ, არათუ უკრაინის, შენს ოკუპანტ ქვეყანასთან და რაც უნდა იყოს, რაიმე მსგავს მოლაპარაკებას აწარმოებ. ნუ, ეს არის მათი, ამ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა მიზნები ამოძრავებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთს გეტყვით – რუსულ პოლიტიკას საქართველოში მომავალი არ აქვს, ვინაიდან ეს არ არის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. დიახ, ეს არის უკიდურესად დასაგმობი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რაც ახლა ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ ხდება. აი, ეს არის კონკრეტული განცხადებაც იმ ოპონენტების გასაგონად, ვინც ამბობს, რომ თითქოს, ჩვენ ამის შეფასება გვიჭირს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.