ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებდით სხვადასხვა განცხადების შეფასებისგან, ვინაიდან დღეს უკრაინა ომშია და ახლა გარჩევის დრო არ არის, მაგრამ ბოლო ხანს, ერთეული წარმომადგენლების მხრიდან ამან ძალიან მძიმე ტენდენციის სახე მიიღო, – ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა არის ერთსულოვანი და ამ მძიმე ომში უკრაინას მხარს უჭერს. იმ ფონზე, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვართ, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, სხვადასხვა კუთხით საერთაშორისო სანქციების ნაწილს საქართველო ისედაც შეერთებულია და მათ დასახმარებლად ყველა ღონეს ვხმარობთ, ვიღებთ, პირდაპირ ვიტყვი, უტიფარ და უსაფუძვლო ბრალდებებს. ასე არ გამოვა, მეგობრებო. ჩვენ გვესმის ასეთი განცხადებები ერთეული წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, როდესაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თავის განცხადებებში პირდაპირ მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ორი დღის წინ მოვისმინეთ რადას თავმჯდომარის მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მთლიანად დელეგაციის მისამართით, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინაში ჩავიდნენ“, – განაცხადა ამილახვარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია არგუმენტი, რომ ამ ბრალდებების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ამ ხნის განმავლობაში, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ პირდაპირი კომუნიკაციის გზით უკრაინის მხარესთან ურთიერთობების დალაგება, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და ეს უკვე დადასტურებულია.
„აქ უკვე პირდაპირ არის დადასტურებული, გავრცელდა ჩანაწერებიც და მათ შორის, ჩანაწერის ავტორმაც თავად დაადასტურა, რომ ის ავთენტურია. ისინი პირდაპირ კომუნიკაციაში არიან უკრაინის ხელისუფლების ერთეულ წარმომადგენლებთან, მაგალითად, ბატონ არახამიასთან და სხვა დაჯგუფებებთან, როგორც ჩანს, მათ ცრუ ინფორმაციებს აწვდიან და კვებავენ, რომ საქართველოში როგორმე გამოიწვიონ პროვოკაციული პროცესები. დიახ, ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. დავსვამ რიტორიკულ კითხვას – რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების დროს და არ ჩამოვიდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს?! იმიტომ, რომ მისთვის ნათელი იყო, რა პროცესები განვითარდებოდა უკრაინაში. მან ეს იცოდა და დიახ, ჩამოვიდა საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ საქართველოდან მოეხდინა მეორე ფრონტის, ომის პროვოცირება, რასაც ომის და მოღალატეების პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ეწევა პირველი დღიდან, რაც უკრაინაში ომი დაიწყო“, – განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარმა ასევე განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ ვერ მოხდა ვერც ერთი ფაქტის, მტკიცებულების, ან რაღაც ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება, რომ „აქ რაღაც შავი ხვრელია და საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება“.
მისივე თქმით, ხელისუფლებები დროებით არსებობენ და შემდეგ იცვლებიან, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ხალხებს შორის ურთიერთობას კი ვერაფერი შეცვლის, რადგან მრავალსაუკუნოვანი ძმობა რჩება, ხოლო რაც შეეხება სახელისუფლებო ურთიერთობებს, ამილახვარის თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ძალიან პოზიტიური ვიზიტი იყო და ამ ვიზიტს უკრაინული მხარე საკმაოდ პოზიტიურად დახვდა.
„საქართველო ყველაფერს გააკეთებს, მით უმეტეს, ახლა, ომის დროს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ომია გაჩაღებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია, საჭიროა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებშია, რომ მხარი დავუჭიროთ და უკრაინაში ომი, რაც შეიძლება, სწრაფად დამთავრდეს. ამ კუთხით ჩვენ ვიქნებით სოლიდარული, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა საკითხებიც, რომელზეც პასუხის გაუცემლობა უკვე სხვა ასოციაციებს იწვევს, როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ასევე მთლიანად ჩვენს თანამეგობრობაში“, – განაცხადა ამილახვარმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის პარტიას უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად მოიხსენიებს, შეუშლის თუ არა ხელს ეს შიდა დაპირისპირება ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია არის, მაგრამ ეს ვერც ერთი ნაბიჯით ვერ შეაფერხებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ.
„საქართველოში ასე იყო პოლარიზაცია, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას; ასე იყო პოლარიზაცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ანალოგიურად იქცეოდა, როდესაც საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღო, როდესაც ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და სწორედ ასე დასრულდება ქვეყნისთვის ის პროცესიც, როდესაც ახლო მომავალში, საქართველოს ვიხილავთ უკვე კანდიდატ წევრად და დავუახლოვდებით ჩვენს ისტორიულ მისიას, რაც არის ევროკავშირში სრულყოფილი წევრობა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.