გიორგი ამილახვარი - სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომელსაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წელს აღიდგინოს სტატუსი, შეუძლია, მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მის ჩართვას
ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი, უფლებამოსილია, ახლავე მიმართოს თავის უნივერსიტეტს, რომელიც, შინაგანაწესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე შემუშავდა კრიტერიუმები, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც, 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული.
„პრემიერის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება და, შესაბამისად, სტუდენტებსა და საზოგადოებას, მინდა, ვაცნობო, რომ ეს ისტორიული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც, 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული; სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული ხუთი წელი. მოგეხსენებათ, კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადა არის ხუთი წელი. შეეხებათ ყველა საფეხურის სტუდენტებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძველი, რომლებიც ორივე მხარეს, უნივერსიტეტებსა და, მეორე მხრივ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებისგან. ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტის აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნათ პრობლემა მათთვის მონიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით.
ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი, უფლებამოსილია, ახლავე მიმართოს თავის უნივერსიტეტს, რომელიც, თავისი შინაგანაწესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.