გიორგი ამილახვარი - სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე გადაწყვეტილება სამართლიანი, ლოგიკურია, ვფიქრობ, საზოგადოებრივ ინტერესს ვაკმაყოფილებთ
გიორგი ამილახვარი - სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე გადაწყვეტილება სამართლიანი, ლოგიკურია, ვფიქრობ, საზოგადოებრივ ინტერესს ვაკმაყოფილებთ

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განაცხადებით, სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება სამართლიანი და ლოგიკურია.

მისივე თქმით, საკითხის ირგვლივ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.

„ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი ორი წლის წინ, როცა როგორც მშობლების, ასევე დარგის სპეციალისტების მხრიდან უამრავი მომართვიანობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ წინა წლებშიც, როდესაც პირველი ცვლილება იყო. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სამართლიანი, ლოგიკური და მეთოდისტებთან კონსტულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არის რიგი განსხვავებული მოსაზრებებიც, ამიტომ ჩვენ ეს გავხადეთ ნებაყოფლობითი. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი მზად არის, შეუძლია, მიიყვანოს სკოლაში; თუ არ მიიჩნევს, თავისუფლად შეუძლია, დატოვოს ბაღში. ბაღებში რჩება ვალდებულება, რომ დაიტოვონ ბავშვები კიდევ ერთი წლით. ამიტომ, არჩევანის თვალსაზრისით, სრული თავისუფლებაა. ვფიქრობ, ვაკმაყოფილებთ საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ არის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წელში სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით ექვსი წელი შეუსრულდება.