გიორგი ამილახვარი - სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება, ეს გარკვეულ უხერხულებას ქმნის, მაგრამ მინდა, ყველას ვთხოვო, გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს
სკოლის რეაბილიტაცია, მით უმეტეს ახლიდან აშენება სასწავლო პროცესის ახლო მდებარე სკოლებში გადატანის გარეშე ვერ მოხდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ ამ პროცესს.
„ქვეყანაში დაწყებულია სასკოლო იმფრასტრუქტურის პროექტის პირველი ფაზა. ბუნებრივია, პროცესი გარკვეულ უხერხულებას ქმნის. ალბათ ახსნა არ უნდა ამას, რომ ვერ მოხდება სკოლის რეაბილიტაცია, მით უმეტეს ახლიდან აშენება, თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი შემთხვევები ნამდვილად გვაქვს. დაახლოებით 200 სკოლაა ასეთი. ჩვენი მხრიდან იქნება ყველა სახის უზრუნველყოფა – ტრანსპორტით, საგანმანათლებლო რესურსებით თუ სხვა დამხმარე მექანიზმებით, რომელიც საჭიროა. მინდა, საზოგადოებას და ყველას ვთხოვო, გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ, ვინაიდან სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარის თქმით, არის შემთხვევები, როცა დამკვეთი ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებს, რის გამოც მათ წინააღმდეგ კანონის ფარგლებში მკაცრ ზომებს მიმართავენ. მისივე თქმით, გამკაცრებულია ზედამხედველობაც.
„ზოგადად, ხდება ხოლმე დამკვეთის მხრიდან გარკვეული ვალდებულების დაგვიანებით შესრულება. ასეთი შემთხვევები ნამდვილად გვაქვს და შესაბამისად, კანონის ფარგლებში, ყველაზე მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, რადგან ამით მძიმედ ზიანდება სასწავლო პროცესი. ბუნებრივია, გამკაცრებულია ზედამხედველობაც, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ვადაგადაცილებების აღმოფხვრა. ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10-12 სკოლაზე, სადაც გარკვეული ვადაგადაცილებაა. ამიტომ, შესაძლებელია, იმ სკოლებში რამდენიმე კვირით დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. საუბარია ორ-სამ კვირაზე. როგორც მშობლები, ასევე მასწავლებელი, სკოლა არის ინფორმირებული ამის შესახებ.
მზად ვართ, ყველანაირი დახმარება, რესურსი აღმოვუჩინოთ სკოლებს, ბავშვებს, მშობლებს, სადაც ეს უხერხულობა იქნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საჯარო სკოლაში მოგვარებული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი და გათანაბრებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ამილახვარმა.
განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში, სადაც სწავლა გვიან დაიწყება, სასწავლო კალენდარიც შესაბამისად შედგება.
„ვთქვათ, ორი-სამი კვირით გვიან თუ დაიწყება სწავლა, შესაბამისად გადაიწევს სასკოლო კალენდარი, აქ არაფერი განსაკუთრებული დანაკლისი არ ხდება. ქვეყანაში არის 2 300 სკოლა, სულ ვლაპარაკობთ 10-15 სკოლაზე, სადაც ვადაგადაცილება გვაქვს, მაგრამ სულ რომ ერთი იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთიც პრობლემაა. რა თქმა უნდა, არასდროს გავურბივარ არავისთან შეხვედრას. მე და ჩემი მოადგილეები, სამინისტროს წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ნებისმიერ მშობელს შევხვდეთ, ვესაუბროთ და მოვუგვაროთ პრობლემები. ძალიან გთხოვთ, ნუ ვახდენთ ამ საკითხის დრამატიზებას. ეს არის ამ მასშტაბური პროექტის თანმდევი პროცესი, ისევე, როგორც ხდება სხვა ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.