გიორგი ამილახვარი - შუალედურ არჩევნებზე გაიზომა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ, საზოგადოებას არ სჯერა უტიფარი განცხადებების, საზოგადოებას ესმის ჩვენი სწორი პოლიტიკის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გაიზომა მმართველი პარტიის რეიტინგი და გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კონკურენტები დაამარცხეს.
ამილახვარის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წევრების გამარჯვება ნიშანია იმისა, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას.
„ორი დღის წინ, როგორც ბათუმში, ასევე რუსთავში ჩატარდა შუალედურის არჩევნები, სადაც ასევე გაიზომა საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ და იცით, რა სხვაობით დაამარცხეს კონკურენტები და მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის პირდაპირი ნიშანი, სიგნალი, რომ დიახ, საზოგადოებას ესმის ჩვენი სწორი პოლიტიკის, საზოგადოებას არ სჯერა უტიფარი განცხადებების. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდ გონებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“, – განაცხადა ამილახვარმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.