გიორგი ამილახვარი - საქართველოში უმაღლესი განათლების დამთავრებულ პროგრამებზე აღებული დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში
საზოგადოებამ დღეს იხილა განათლების ყველა საფეხურზე სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში ხედვები, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
მან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„2012 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 626 მლნ ლარი იყო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია ოთხჯერ. ბაღებში აღმზრდელების ხელფასი 2012 წელს იყო 255 ლარი, დღეს არის 150-პროცენტიანი მატება და აღმზრდელების ხელფასი 2023 წლიდან კიდევ 100 ლარით გაიზრდება. მასწავლებლების ხელფასი 2012 წელს შეადგენდა 330 ლარს. დღეს, 2023 წლის ახალი ბიუჯეტის გათვალისწინებით, სრული დატვირთვის პირობებში, მათი ხელფასი იქნება 1230 ლარი. აქაც არის ხელფასის ოთხჯერ მატება. დამატებით მისასალმებელია პედაგოგებისთვის საშვებულებო დღეების გაზრდა და ასევე, დეკრეტული შვებულების ექვს თვემდე გაზრდა, რომელიც მთავრობამ და სამინისტრომ მიიღო“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშენდა 181 ახალი სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 270 სკოლას, ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი – 1 800 სკოლას.
„ამჟამად მიმდინარეობს 400 სკოლის სატენდერო პროცედურები, სადაც 80 ახალი სკოლაა და 380 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი ამ ორ წელიწადში. შემდგომ იქნება მეორე ტალღაც, სადაც 2026 წლისთვის, პრაქტიკულად, საქართველოში ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული, აშენებული და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებული“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, გიორგი ამილახვარის თქმით, შექმნილი და დანერგილია 68 დუალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 73 პროცენტია.
„ეს არის კონკრეტული შედეგი პროფესიულ განათლებაში. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ის ხედვა, ის განხორციელებული სამუშაოები და უკვე დადებული ის ერთი აგური, რასაც ეს შედეგი მეტყველებს, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კუთხით გაგრძელებული რეფორმა მიგვიყვანს იქ, სადაც ყველას ასე ძალიან გვინდა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე დაფუძნდა 33 პროფესიული კოლეჯი და სამინისტროს უშუალო ხედვაა, რომ პროფესიული განათლების დაფარვა მოხდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
„მიმდინარეობს, როგორც ახალი პროფესიული კოლეჯების, ასევე ახალი პროფესიული პროგრამების დაინტეგრირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. შესაბამისად, უახლეს რამდენიმე წელიწადში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველასთვის იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარის თქმით, 2012 წელთან შედარებით, პროფესიულ კოლეჯებში არსებული ადგილების რაოდენობა, სიმძლავრეების შექმნისა და მოთხოვნადობის თვალსაზრისით სამჯერ არის გაზრდილი.
გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ქვეყანა პირველად გახდა დიდი საგანმანათლებლო ევროპული ოჯახის ნაწილი.
„იგივე სტანდარტები, რაც მოქმედებს ევროპაში, აღიარებულია საქართველოშიც, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამთავრებულ პროგრამებზე აღებული დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კონკრეტულ შედეგებს და სამინისტროს პოლიტიკას, ამას ჩვენ ვხედავთ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაში, სადაც წლიდან წლამდე იზრდება ერთობლივი, ორმაგი დიპლომების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების რაოდენობები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც საქართველოში დღეს 23 000 შეადგენს.
„უმაღლესი განათლების რეფორმების შედეგად საქართველო, განათლების კუთხით, რეგიონში გახდა ერთ-ერთი ფლაგმანი და მიზიდულობის ძალა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.