გიორგი ამილახვარი - საკლასო ოთახი ჩავაბაროთ მასწავლებელს, თუ ის საგნობრივ კომპეტენციას ვერ ადასტურებს, არ გამოვა, ერთადერთი, რაზეც კომპრომისი არ იქნება, ხარისხი და კომპეტენციაა
ჩემი სიტყვები არ არის, რომ ჩვენ თუ გვინდა, სკოლის რეფორმა დავიწყოთ, ეს იწყება უმაღლესი განათლებიდან, სადღაც უნდა აღიჭურვოს მასწავლებელი შესაბამისი ცოდნით, უნარებით და შემდგომ დაუბრუნდეს სკოლას, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„აქაც გვაქვს გამოწვევები და ამ კუთხით ვმუშაობთ, როგორ შეიძლება, უფრო მოქნილ დროში, რომ ეს ხუთი და შვიდი წელი არ გაიწელოს, ვინაიდან დღეს სხვადასხვა პროგრამაა მასწავლებლის და უფრო სწრაფად უნდა დავაგენერიროთ ახალი ნაკადი, რომელმაც შეიძლება, სისტემა გააჯანსაღოს. აქ ნამდვილად გვაქვს სამუშაო და ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ამილახვარმა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, როგორც არაკვალიფიციური ექიმი არ შეიძლება, შევიდეს საოპერაციო მაგიდასთან, რითიც შეიძლება, ფატალური შედეგი დადგეს, ისევე არ შეიძლება, არაკვალიფიციური პირი შევიდეს გაკვეთილზე.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი ბავშვების მომავალს ვეხებით და, პირველ რიგში, გვინდა, ამ ადამიანებს დაფასება, სოლიდური, ღირსეული ანაზღაურება მივცეთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სოციალური დახმარება. ეს იქნება ჯანსაღ, შედეგებზე და მიზნებზე გათვლილი სისტემის აგება, ვინაიდან შესაბამის ჰონორარს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობებიც, რომ მივაღწიოთ გარკვეულ შედეგებს. ამას დაკვირვება და შესაბამისი ობიექტური შეფასების სისტემის დამკვიდრებაც დასჭირდება, რაზეც ასევე ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, ალბათ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რადგან ეს თქვენს შვილებსაც ეხება, ჩემს შვილსაც და ყველას, თუ ადამიანი, ისევე, როგორც ყველა პროფესიაშია, გარკვეულ ფუნქციებს თავს ვერ ართმევს, გასაგებია, რომ უნდა ვიზრუნოთ მისი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე, მაგრამ თუ იქაც პრობლემები გვაქვს, მაშინ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. ვშიშობ, აქამდე დღეს ჯერ შორს ვართ. ამ 50 000 ადამიანში, ვისაც სამივე საფეხური გავლილი აქვს, ძალიან ბევრი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებელია. ჩემი აზრით, დღეს სისტემას და სამინისტროს არ აქვს იმის უფლება, რომ ხელი გავიშვიროთ რომელიმე მასწავლებლის არაკვალიფიციურობაზე. პირიქით, ჯერ ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეულად დავაფასოთ მათი შრომა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათი კვალიფიკაცია განვითარდეს და ამის შემდეგ, როდესაც უკვე ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, ლეგიტიმური და მორალური უფლებაც გაუჩნდება სისტემას, რომ მასწავლებელს მოსთხოვოს ის, რაც სკოლაშია გასაკეთებელი“, – განაცხადა ამილახვარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია, თუ პირი საგნობრივ კომპეტენციას ვერ აკმაყოფილებს, მას ბავშვებისთვის სწავლების უფლება ჰქონდეს, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა არ არის.
„იმ ადამიანებს ოდნავ სხვა სტატუსი, როლი და ფუნქცია აქვთ, ვიდრე საგნობრივი კომპეტენციის მასწავლებლებს. ვთქვათ, იგივე მაძიებლები არ არიან, როგორც პედაგოგები, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იქაც რანჟირება. არ გამოვა, რომ შენ თუ საგნობრივ კომპეტენციას ვერ ადასტურებ, ჩვენ ჩაგაბაროთ საკლასო ოთახი. ერთადერთი, რაზეც კომპრომისი არ იქნება, არის ხარისხი და კომპეტენცია. სხვა დანარჩენი, კვალიფიკაციის ამაღლებას რაც შეეხება, ამაზე ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.