გიორგი ამილახვარი - სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურებას სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ მათი კვალიფიკაციის განვითარებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარება.
ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.
„სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ღირსეულ ანაზღაურებას ყველა სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის და ამის პარალელურად, უწყვეტად, როგორც იტყვიან, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიზრუნოთ მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარებაზე. რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და, რა თქმა უნდა, სტატუსების მოპოვების გაუმჯობესებული სისტემა უნდა შევქმნათ, ისევ და ისევ ფართო ორგანიზაციების ჩართულობით. ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი. აქ ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ფუნქცია, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და ეს არ უნდა იყოს ერთი პატარა კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამილახვარმა.
ამასთან, გიორგი ამილახვარმა დაანონსებულ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის იქნება გაცილებით სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და, რაც მთავარია, ზრდაზე ორიენტირებული.
განათლების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი განსაკუთრებული სამიზნე არის მასწავლებელი და მასთან დაკავშირებული საკითხები თუ რიგი გამოწვევები.
„ჩვენ დავიწყეთ ანალიზი, დაკვირვება, კვლევა, სიღრმისეული შესწავლა და, შესაბამისად, აქ უკვე გვაქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მინდა, თქვენს გადაცემაში ახლა პირველად ფართოდ გავშალო. სკოლის ბაზაზე გვინდა, დავიწყოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ჩვენ უარს ვამბობთ სავალდებულო ტრენინგებზე, რომელიც დღეს მასწავლებელთა სახლის მხრიდან განსაზღვრული აქვთ მასწავლებლებს. შემდგომი წლის იანვრიდან უკვე საერთოდ გვინდა, მასწავლებლის სახლის ფილოსოფია შევცვალოთ. ეს ნიშნავს შემდეგს – ჩვენ გვინდა, დავეყრდნოთ მასწავლებლის საჭიროებებს, გავიგოთ, რა სჭირდება მას, ამის იდენტიფიცირება-შესწავლა მოვახდინოთ სკოლის დონეზე და სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით, სამინისტრომ და შესაბამისმა სააგენტოებმა ამის შესაბამისად უზრუნველყონ სერვისების, ტრენინგმოდულების, განმავითარებელი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სერვისების მიწოდება, რომელიც მასწავლებელს სჭირდება. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში იარსებებს ისეთი ზოგადი სახის სერვისები, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, მაგრამ ეს არ იქნება სავალდებულო. ეს დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ნება-სურვილსა და მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა ამილახვარმა.