2025-2026 სასწავლო წელში სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით ექვსი წელი შეუსრულდება
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მშობელს აქვს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, როდის მიიყვანოს ბავშვი სკოლაში.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. იცით, საზოგადოებაში დიდი ინტერესია, მათ შორის მშობელთა ძალიან დიდი მომართვიანობაა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ საკითხის ცვლილება დავიწყეთ ორი წლის წინ და ყოველწლიურად ერთი თვით ვწევდით ვადას, რა ვადამდეც შესაძლებელია ბავშვების სკოლაში შეყვანა. ცვლილება შეხება 2024 წლის სასწავლო წელს. სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ამავდროულად, კანონში ვწერთ, რომ უკვე წინასწარ განჭვრეტადი იყოს ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში.
ეს ცვლილება, გადაწყვეტილება, შესაძლებლობა არის ნებაყოფლობითი. შესაბამისად, თუ მშობელი, ოჯახის წევრი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი იმ ასაკში არ არის სკოლისთვის მზად, ბუნებრივია, ბაღებში რჩება ვალდებულება და მას შეუძლია, ბავშვი დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ მიიყვანოს სკოლაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.