გიორგი ამილახვარი - საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, ოპოზიციას უნდა, უფრო მეტი ჩირქი მოსცხოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას
საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და აანონსებენ, არაფერი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა, უფრო მეტი ჩირქი მოსცხოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას.
„იმ სისტემას, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს. ჩვენ თუ ბოლო ათ წელს გავაანალიზებთ, შევადარებთ წინა ხელისუფლების მართლმსაჯულების სისტემის შედეგებს და დღევანდელს, მათ შორის დამოუკიდებლობის ხარისხს, სტრასბურგში მიმართვიანობის რიცხვს, მოქალაქეთა საანდოობის კუთხით გაკეთებულ კვლევებს, საერთაშორისო კვლევებს – ეს არის ის შედეგები, რაც დღეს ხელშესახებია. სწორედ ამ საგამოძიებო კომისიით, მაშინ, როდესაც მოახლოებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადა, პირიქით, უნდათ, დისკრედიტაცია მოახდინონ და ჩირქი მოსცხონ იმ მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც დღეს, დიახ, ხელისუფლების ვალია და ამას აკეთებს, რომ დაიცავს ნებისმიერ ფასად, როგორც გარე, ასევე შიდა ნებისმიერი ძალის ჩარევისგან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.