გიორგი ამილახვარი - სააკაშვილი და მისი ოჯახი მოქმედებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სხვა დანიშნულება არც იმ დაფინანსებას ჰქონდა, რაც გამოაშკარავებულმა დოკუმენტებმა თვალსაჩინო გახადეს
კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავიანთი თავი და მათ შორის, კიდევ ერთხელ ლუსტრაცია გაუკეთეს თავის თავს, რომ მოქმედებდნენ ანტისახელმწიფოებრივად. რიგ შემთხვევაში კორუფციაშიც არიან ჩართულები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახს არანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესი არ გააჩნია.
„ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი, ასევე მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული კომპანიები თუ პირები ყოველთვის მოქმედებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და არანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესი მათ არ აქვთ, გარდა ერთისა, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფო იმ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ახლა ვადგავართ. ამიტომ სხვა ამოცანა და დანიშნულება არც ამ დაფინანსებას არ ჰქონდა, რაც გამოაშკარავებულმა დოკუმენტებმა თვალსაჩინო გახადეს“, – განაცხადა ამილახვარმა.