გიორგი ამილახვარი - რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მეტი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალები გავხსნათ
გიორგი ამილახვარი - რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მეტი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალები გავხსნათ

ჩვენ რაც შეიძლება მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, აქ მთავარი ორიენტირი არის ევროპა და აშშ. რაც შეიძლება, მეტი უცხოური განათლება უნდა შემოვიტანოთ საქართველოში, რათა უნივერსიტეტებმა, თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომის პროგრამები; მეორე, აქტიურად ვმუშაობთ, რომ შემოვიყვანოთ მეტი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტი, გავხსნათ მათი ფილიალები საქართველოში. დღეს ეს არის ჩვენი ამოცანა, ვინაიდან ქვეყანაში თუ არ შემოვიტანთ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას, მხოლოდ ლოკალური უმაღლესი განათლებით, უბრალოდ, ფეხს ვერ ავუბამთ იმ მსოფლიო განვითარებას, რომელიც ახლა უმაღლეს განათლებაში მიდის“, – განაცხადა ამილახვარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის პრიორიტეტული მიმართულებები, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ამის განსაზღვრისთვის საჭიროა შრომის ბაზრის მოსმენა.

„რეალურად, როგორც უნივერსიტეტებმა, ასევე მისმა ხელმძღვანელებმა, ფაკულტეტებმა, პროფესორებმა და, ზოგადად, უმაღლესმა განათლებამ უნდა დავიწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე შეხედვა. მხარი ავუბათ ეკონომიკას და სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას. ძალიან რთულია, ვთქვათ, რომელია უფრო პრიორიტეტული – STEP მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა თუ მრეწველობა და ა.შ. ეს ის დარგებია, რომლებიც ქმნიან ჩვენი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ ამაზე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა გადაწყობა, რომ განსაკუთრებით პროფესიული განათლების, ასევე, უმაღლესი განათლების პროგრამებშიც პირდაპირ იყოს ინტეგრირებული დამსაქმებლის, შრომის ბაზრის მოთხოვნები. სხვა კუთხით, სამწუხაროდ, გამოგვივა ისე, რომ განათლების სისტემა ვერ უპასუხებს დამსაქმებლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც არ არის სწორი მიმართულება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, არის მიმართულებები, სადაც, შესაძლოა, დასაქმების დიდი მოთხოვნა არ იყოს, მაგრამ ამ მიმართულებების ხელშეწყობა აუცილებელია.

„არის ფუნდამენტური მიმართულებები, ე.წ. ქართველოლოგიური მიმართულებები, ჰუმანიტარული მიმართულებები, ფილოსოფია და ა.შ, სადაც, ბუნებრივია, დასაქმების მაჩვენებელი არ და ვერ იქნება მაღალი, მაგრამ თავში არავის მოუვა, რომ ამ დარგებს ხელი არ შევუწყოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან კარგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ამასთან, ამილახვარმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც უმაღლეს განათლებაშია განსახორციელებელი, არის დაფინანსების მოდელის ცვლილება.

„ამაზე წლებია, მიმდინარეობს მუშაობა. ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უმაღლეს განათლებაში, რომელიც, პრაქტიკულად, უმაღლესი განათლების მთლიან ეკოსისტემას შეცვლის. ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაფინანსების მოდელზე ვმუშაობთ. ეს მარტივი არ არის და ამას ალბათ ერთი-ორი წელი დასჭირდება. დღეს უნივერსიტეტებისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის სტუდენტების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. ბუნებრივია, ობიექტურად, ყველა უნივერსიტეტი მოტივირებულია, რაც შეიძლება, მეტი სტუდენტი მიიზიდოს. გარდა სწავლებისა, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტური სერვისები, კვლევითი ფუნქცია, კვლევითი პროექტები და ასე შემდეგ, რასაც თავისი რესურსი სჭირდება. ჩვენ გვინდა, ე.წ. საბაზო დაფინანსება განვუსაზღვროთ უნივერსიტეტებს, რაც აუცილებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რომ ისინი დამოკიდებული არ იყვნენ მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე, სტუდენტებისგან მიღებულ გადასახადებზე. ეს, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე გადაგვიყვანს უმაღლეს განათლებაში რაოდენობრივი მაჩვენებლიდან ხარისხზე. ამას გამოიწვევს დაფინანსების მოდელის ცვლილება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ერთი წლის ვადაში სამინისტროს ექნება მოდელი, რომლის პილოტირება-დანერგვაც დაიწყება უმაღლეს განათლებაში და ეს პრიორიტეტების გადახედვასაც გამოიწვევს.