გიორგი ამილახვარი - პრემიერისგან დაგვევალა, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის სტუდენტების კვოტებსა და საგადასახადო შეღავათებზე
გიორგი ამილახვარი - პრემიერისგან დაგვევალა, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის სტუდენტების კვოტებსა და საგადასახადო შეღავათებზე

პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის სტუდენტების კვოტებსა და საგადასახადო შეღავათებზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნივერსიტეტთან ექნებათ კომუნიკაცია საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად.

ამასთან, გიორგი ამილახვარის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს უნივერსიტეტებში დავალიანება გაუნულდებათ, უპრეცედენტოა.

„ვულოცავ 30 000-ს ახალგაზრდას, რომელმაც პრაქტიკულად დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით განაახლა სტუდენტობა. აქტიურად დავიწყეთ სტუდენტების მხარდაჭერა. ერთი კვირის წინ გავაორმაგეთ სტიპენდიატთა რაოდენობა, გავაორმაგეთ სტიპენდიის თანხაც. დღეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ ვალი. შესაბამისად, ვისაც სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, უფლება მიეცემა, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი და განაგრძონ სწავლა. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობებისთვის, სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება და შემდეგ თავიანთი ცხოვრება, კარიერა გააგრძელონ. მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან დაგვევალა, რომ აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურის შესაქმნელად, მათ შორის სტუდენტების კვოტებთან, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, რასაც ორშაბათიდანვე შევუდგებით. ყველა უნივერსიტეტთან გვექნება კომუნიკაცია ამ საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარის თქმით, უნივერსიტეტებს, რომლებსაც სტატუსაღდგენილი სტუდენტების ფარგლებში კვოტის პრობლემა აქვთ ან ექნებათ, განათლების სამინისტრო მათ კვოტებს გაუზრდის.

„არ ვიცი, როგორ შეიძლება, სტუდენტების დავალიანების განულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რაღაც ხარვეზი მოუძებნო. არსად არ მითქვამს, რომ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია არ გვქონდა, მე ვთქვი, რომ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ და შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი, სხვა პროცედურული საფუძვლები საკითხის დასარეგულირებლად. დღეს დაგვევალა პრემიერისგან, შესაბამისად, ახლა ვიწყებთ ამაზე მუშაობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია არ გვქონდა უნივერსიტეტებთან. ახსენეთ, არის თუ არა მზაობა უნივერსიტეტებში, ეს ამ პროცესის ნაწილია. წინასწარ გეტყვით, იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც კვოტის პრობლემა აქვთ ან ექნებათ სტატუსაღდგენილი სტუდენტების ფარგლებში, ჩვენ კვოტებს გავუზრდით. შესაბამისად, ამ კუთხით უნივერსიტეტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განუცხადა ამილახვარმა ჟურნალისტებს.