გიორგი ამილახვარი - პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის 70 პროცენტამდე პედაგოგს ხელფასი, სულ მცირე, 500 ლარით გაეზრდება, 25 პროცენტამდე 300-დან 400 ლარამდე, ყველა მასწავლებელს კი, სულ მცირე, 200 ლარით
საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომელი კატეგორიის მასწავლებელს რა სახის მატება შეეხება.
ამილახვარის თქმით, განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა.
„დღეს საჯარო სკოლებში, სისტემაში გვყავს 52 000-მდე მასწავლებელი. გახსოვთ ჩვენი დაპირება, რომ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ყველა საჯარო სკოლის სტატუსიან და სპეცმასწავლებელს ხელფასების უპრეცედენტო ზრდა ექნებოდა. ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ბევრი ვიმუშავეთ ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებაზე. პრაქტიკულად, ყველა საკანონმდებლო ცვლილება ამისთვის უკვე მომზადებულია, რათა პირველი ივლისიდან, მაშინაც კი, როცა ჩვენი პედაგოგები შვებულებაში იმყოფებიან, განახლებული ფორმულით აიღონ ხელფასები.
მასწავლებლებს ზრდა შეეხებათ შემდეგი პროპორციებით:
37 000-ს მასწავლებელს ხელფასის ზრდა ექნება, სულ მცირე, 500 ლარით და მეტით. ეს ეხება საჯარო სკოლების სტატუსიან მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს. ამ 37 000-ში ხელფასების ზრდა ასევე იქნება 600, 700 და 800 ლარით. ჯამში, ასეთი კატეგორიის მასწავლებლები, რომლებსაც, სულ მცირე, 500 ლარით და მეტით მოემატებათ ხელფასი, არის 37 000, რაც მასწავლებელთა კორპუსის 70 პროცენტია; 25 პროცენტამდე მასწავლებლებს ხელფასების ზრდა ექნებათ 300-დან 400 ლარამდე, ხოლო აბსოლუტურად ყველა პედაგოგს, უკლებლივ ყველას, ხელფასი მოემატება და ზრდა იქნება, სულ მცირე, 200 ლარით. ასეთი კატეგორიის მასწავლებლები დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენენ.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მსგავსი აღიარება, ნდობის გამოცხადება ღირსეული პედაგოგებისთვის ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსენდება. ამიტომ ვულოცავ მთლიანად სასკოლო საზოგადოებას და თითოეულ მასწავლებელს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ნამდვილად დაიმსახურეს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.