გიორგი ამილახვარი - ნიკა მელიამ თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო, ციხეს უკანა კარი რომ ჰქონდეს, დიდი ალბათობით, იქიდან გაიპარებოდა
ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ნიკა მელია ამნისტიის კანონსაც დათანხმდება. მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ უკანა კარი ჰქონდეს, დიდი ალბათობით, იქიდან გაიპარებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გირაოს არ უხდის ე.წ. პოლიტპატიმრებს.
„პოლიტიკური პროექტი, ნიკა მელია გმირად რომ გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით – ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას. გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის თანხვედრაში პროკურატურის ქმედებასთან და პროცესთან. შესაბამისად, ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს იმის აღიარება და სხვა მექანიზმებით მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში იძახდა, რომ იგი არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს. შემდეგ იძახდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, მაგრამ ამაზეც დათანხმება უწევს და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ იგი ასევე ამნისტიის კანონსაც დათანხმდება. მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ უკანა კარი ჰქონდეს, დიდი ალბათობით, იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური საქმიანობა, რომ ნიკა მელია შერაცხულიყო გმირად, წყალში ჩავარდა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კითხვაზე, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერს თუ არა ხელს და შევა პარლამენტში, ამილახვარმა განაცხადა:
„ნათლად გამოჩნდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს, ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ხოლო მეორე მხრივ, სარგებლობს ყველა იმ შედეგით, რაც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ვვარაუდობთ, რომ ისინი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერენ და საქართველოს პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა ამილახვარმა.