გიორგი ამილახვარი - მზად ვართ, გარდა სხვადასხვა სახის მხარდაჭერისა, თავად სახელმწიფო გახდეს ინვესტორი და ავაგოთ რეალური საჯარო კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში
მზად ვართ, გარდა სხვადასხვა სახის მხარდაჭერისა, თავად სახელმწიფო გახდეს ინვესტორი და ავაგოთ რეალური საჯარო კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„აქ არის რამდენიმე შესაძლებლობა. შესაძლოა, ვილაპარაკოთ ახალი კოლეჯის ერთობლივად დაფუძნებაზე, სადაც სახელმწიფო იქნება ფინანსური ინვესტორი; შესაძლოა, ვილაპარაკოთ არსებული კოლეჯის განახლებაზე და კერძო სექტორისთვის მართვაში გადაცემაზე; შესაძლოა, ვისაუბროთ კოლეჯის რომელიმე მიმართულების მართვაში გადაცემაზე; შეგვიძლია, ვისაუბროთ მათ ბაზაზე, საწარმო იქნება ეს, კომპანია, თუ სხვა მიმართულება, შევქმნათ კოლეჯის ტიპის სასწავლებელი, სადაც ადგილზე განხორციელდება სწავლება, ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, რომელიც დაგვანახებს ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას – კერძო სექტორმა უნდა გვაჩვენოს და დაგვიმტკიცოს, რომ იმ პროცესით, რომელსაც ისინი შემოგვთავაზებენ და ჩვენ მხარს სრულად დავუჭერთ, როგორც ფინანსურად, ისე სხვა კუთხით, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ძალიან მაღალი პროცენტულობა. ეს არის პროფესიული განათლების ყველაზე მთავარი მისია და ამოცანა“, – განაცხადა ამილახვარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ვადაში შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ამას ალბათ, წლები არ დასჭირდება.
„არ მგონია, ამას წლები დასჭირდეს. ჩვენ 15 ნოემბრიდან უკვე ვიწყებთ განაცხადების მიღებას და ამას არ სჭირდება არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი. უბრალოდ, კარებს ვხსნით ბიზნესისთვის, სადაც შესაძლებელია მაგიდის ირგვლივ დასხდომა და მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მოდელები, რისკენაც სამინისტრო პოლიტიკას მთლიანად ცვლის, უკვე დღესაც არის პროფესიული განათლების სექტორში და თვალნათლივ ჩანს, რომ იქ, სადაც კერძო სექტორი ჩართულია პროფესიული განათლების განხორციელების თავშივე, რაც ნიშნავს პროგრამის ერთად შემუშავებას და პროგრამაში მოთხოვნების, კვალიფიკაციების და უნარების გათვალისწინებას, რომელიც დამსაქმებელს თავად სჭირდება, შემდეგ დამსაქმებელს გაცილებით დიდი სანდოობა აქვს ასეთ პროგრამაზე კურსდამთავრებულის მიმართ.
„შესაბამისად, თითქმის ასპროცენტიანი დასაქმებაა უზრუნველყოფილი. ახლა, ასე თქმა ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ, რვა სექტორზე, რომელიც ჩამოვთვალეთ, მსგავსი ტიპის ინიციატივებზე შემდეგი წლის ბიუჯეტის დახარჯვით, ორწლიან პრიზმაში რომ შევხედოთ, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანის მომზადებას შევძლებთ შრომის ბაზრისთვის, რომელიც დღეს არის ძალიან დიდი დეფიციტი. არ მინდა, სპეკულაციურად ცრუ დაპირება გამომივიდეს, მაგრამ მე ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი გახლავართ და ვფიქრობ, ორწლიან პრიზმაში, თუ 2024-2025 წლის პრიზმას ავიღებთ, ხაზგასმით ვამბობ, რამდენიმე ათასიან სიმძლავრეებს შევქმნით, სადაც დასაქმება ძალიან ახლოს იქნება 100%-თან. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ყოველი თეთრი, გადასახადის გადამხდელთა ფული, დახარჯული იქნება პირდაპირ შედეგებში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.