საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.
მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. გიორგი ამილახვარმა როლანდ პრაისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.
მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები – „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად. შეხვედრის დასასრულს გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.