გიორგი ამილახვარი - მიუღებელია პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად
მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება, არსებული გამოწვევების გადაჭრა განათლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცრუ და დამაზიანებელ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩემი მინისტრობის პირველი დღიდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი მხარდაჭერით, დავიწყეთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული ყველა ძირეული გამოწვევის იდენტიფიცირებაზე მუშაობა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. თქვენ იცით, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით რიგი საკითხების დამუშავება, რომლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეკემბრის თვეში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ეცნობება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს პედაგოგებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მათთან ერთად ვმსჯელობ ყველა აქტუალურ საკითხზე და ვისმენ მასწავლებლების უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. თითოეული იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მათ წინაშე დღეს დგას, ახლო მომავალში მათივე ჩართულობით და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ. მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება. ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1 230 ლარს. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი, შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში, ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში, მრავალი წელია, არ განხორციელებულა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს.