გიორგი ამილახვარი - მინდა, ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას
გიორგი ამილახვარი - მინდა, ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას

მინდა, მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი, ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა, მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს ამ ტრაგედიის პასუხისმგებელი პირი, უმოკლეს ვადებში უნდა იქნას გამოძიებული და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ახლა იმის ახსნას არ აქვს აზრი, რა კონტექსტში გააკეთა დილით განცხადება.

„არ აქვს ახლა იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე დილას ის განცხადება, რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, მთლიანად ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად არ მგონია ოჯახს იქით ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექსტში და ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემ მიერ გაცემული პასუხი, რაზეც ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ოჯახის ამ დიდი ტრაგედიის. ვინც არ უნდა იყოს ამ ტრაგედიის პასუხისმგებელი პირი, ეს საკითხი უმოკლეს ვადებში უნდა იქნას გამოძიებული და კანონის სრული სიმკაცრით ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია დასჯილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.