გიორგი ამილახვარი - მეორე ტურში ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით
გიორგი ამილახვარი - მეორე ტურში ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით

ჩვენ მეორე ტურში ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პროპორციული სიის მე-12 ნომერმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„პარალელურად, მიმდინარეობს დიალოგის პროცესი, სადაც ჩვენს ოპონენტებს გამოსავლის გზები შევთავაზეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტსა და უხერხულობას ვითარება, თუ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაში დარჩება და მმართველი პარტია მეორე ტურში მონაწილეობას მარტო მიიღებს, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ მეორე ტურამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი და მოვლენებს უნდა დაველოდოთ.

„მოდით, ნუ ვიჩქარებთ. დაველოდოთ მოვლენებს. ვფიქრობთ, რიგი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ეს რომელი პოლიტიკური ძალები იქნება, მაგრამ მათი პოზიციები მათივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპონენტებს იმ უბნების ხელახლა გადათვლა შესთავაზა, რომლებზეც ოპოზიციას კითხვები აქვს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე ოპოზიციამ თავად განაცხადა უარი.

„მათ უარი განაცხადეს, რადგან კარგად იციან, რომ არსებითი დარღვევები იქაც არ ყოფილა. ეს დადასტურებული და აღნიშნულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისა და საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ. ის ბიულეტენები, რომლებზეც ისინი აპელირებენ და, სადაც ერთგვარი დისბალანსია, საარჩევნო ბიულეტენების მხოლოდ და მხოლოდ 0.17 პროცენტს შეადგენს. ეს შედეგზე საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს და იმ ნორმაში ჯდება, რომელიც წინა არჩევნებზე დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ოპოზიცია ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ხელისუფლების შეთავაზება ალოგიკურია, რადგან ცესკო-ში შემაჯამებელი ოქმები პარასკევს უკვე საბოლოოდ დამტკიცდა და უბნებში ხმების ხელახალი გადათვლა შეუძლებელია.

„ეს არის ტყუილი, არაზუსტი ინფორმაცია. მათ და ცესკო-ს უფლება აქვს, 19 ნოემბრამდე უბნებში ხელახალი გადათვლა მოხდეს. ამიტომ, სპეკულაცია, რომ ჩვენ ხუთშაბათს შევთავაზეთ უბნების გადათვლა და პარასკევს ცესკო-მ სხდომა ჩანიშნა, ერთმანეთთან არანაირ კორელაციაში არ მოდის. დღესაც კი, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, შესაძლებელია, ის უბნები ავიღოთ და ამ უბნების რაოდენობაზე შევჯერდეთ. შესაბამისად, ცესკო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს, რათა ამ უბნების გადათვლა მოახდინოს. ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს. ასე რომ, განცხადება, თითქოს გასაჩივრების ვადები გასულია, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა“, – განაცხადა ამილახვარმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება.

„ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს გამოხატა მყარი ნება და მილიონამდე ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. ეს არჩევნები ყველა საერთაშორისო პარტნიორისა და საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ იქნა აღიარებული, როგორც კონკურენტული და ყველა ადამიანის ძირითადი უფლება იქნა დაცული. შესაბამისად, არჩევნების შედეგთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დგას და ვერანაირად ვერ განხორციელდება ქართველი ამომრჩევლის ნების რევიზია, მისი გადახედვა, თუ გადათვლა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.