გიორგი ამილახვარი - მეცნიერების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუ ახალი ცოდნა არ შევქმენით, უმაღლესი განათლების და სხვა მიმართულებების განვითარება ძალიან რთული იქნება
გიორგი ამილახვარი - მეცნიერების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუ ახალი ცოდნა არ შევქმენით, უმაღლესი განათლების და სხვა მიმართულებების განვითარება ძალიან რთული იქნება

მეცნიერების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუ ახალი ცოდნა არ შევქმენით, უმაღლესი განათლების და სხვა მიმართულებების განვითარება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხებს ვხარჯავთ კვლევით პროექტებში, ვაფინანსებთ კვლევით პროექტებს, რუსთაველის ფონდის და სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორ შეიძლება, ჩვენნაირმა ქვეყანამ ეს პრობლემა მოაგვაროს? ამისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა შექმნილი, ჩვენ Horizon Europe-ის წევრი ვართ, სადაც ჩვენს მეცნიერებს მრავალმილიარდიან კვლევით ბაზარზე აქვთ წვდომა. სხვათა შორის, იმ კვლევითი პროექტების საგრანტო დაფინანსების მოპოვების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და წელს, თუ სწორად მახსოვს, წინა წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, როგორ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია, გრანტები საერთაშორისო და ქართული კვლევებისთვის“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს უაღრესად კვალიფიციური მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი დარგობრივი მიმართულებები ძალიან კარგად იციან, მაგრამ რისი ნაკლოვანებაც არის, ეს არის საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში განაცხადების მიმართვიანობა-შევსება, მეთოდოლოგია.

„ერთია, შენ შენი მიმართულება იცოდე, მეორეა, საგრანტო კონკურსში მთლიანი განაცხადი მოამზადო, რომელიც საკითხების, დოკუმენტების შევსების მეთოდოლოგიის და ა.შ საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ამის ნაკლოვანება ნამდვილად არსებობს საქართველოში და განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა ამ კუთხით. ყველა უნივერსიტეტში ვცდილობთ, გავხსნათ Horizon Europe-ის ე.წ. სამოკავშირეო ოფისები, სადაც ჩვენ ვეხმარებით და ვაფინანსებთ ადგილობრივ მკვლევრებს, მეცნიერებს, პროფესორებს, რომ მათ ამ კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეძლონ საერთაშორისო საგრანტო ბაზრებზე გასვლა. ეს ნიშნავს, რომ მათ, პრაქტიკულად, წვდომა ექნებათ არა მხოლოდ ლოკალურ კვლევით ბიუჯეტზე, არამედ მრავალმილიარდიან ბიუჯეტზე, რომელიც, ბუნებრივია, პირდაპირი ინვესტიციაა მეცნიერებაში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ დამატებითი რესურსები შემოვიტანოთ მეცნიერებაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

„შარშან გვქონდა 7%-იანი ზრდა. რა თქმა უნდა, ეს მომავალ წელსაც გავრცელდება და ეს პირდაპირ ეხება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების დაფინანსებას, თუმცა საქართველოს ბიუჯეტის მოცულობიდან გამომდინარე, ეს არ არის ის ნიშნულები, რომელიც საკმარისია. ამიტომ გვაქვს უაღრესად დიდი შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები იზრდება და ვფიქრობ, ახლა საჭიროა მეთოდოლოგიასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ფულის ჩადება, რომ მეტი რესურსი მოვიზიდოთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.