გიორგი ამილახვარი - გვინდა, პროფესიული განათლება შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში
ამ სიტყვის კარგი გაგებით, აგრესიულად გვინდა, პროფესიული განათლება შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მე-10, მე-12 კლასის საფეხურზე, რომ ბავშვებს შევთავაზოთ გარკვეული პროფესიული ორიენტაციის მიმართულებები, კურსები, პროფესიები, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავიანთ ინტერესებში და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების კუთხით“, – აღნიშნა ამილახვარმა.
როგორც ამილახვარმა განაცხადა, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის პროფესიული განათლება და ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„კონცეფცია-მონახაზი თითქმის უკვე ბოლოსკენ გადის და ძალიან მალე საზოგადოებას საჯარო პრეზენტაციით შევთავაზებთ მოქნილ და ეფექტურ კონცეფციას. ჩვენ გვინდა, პროფესიული განათლების ფორმირების თავშივე, ეს პროგრამა იქნება თუ კოლეჯი, ჩართული იყოს დამსაქმებელი, რომელიც შემდგომ სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს პროფესიული განათლებას, რაც ნიშნავს თითქმის 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელს“, – განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, უმაღლესი განათლებისგან განსხვავებით, პროფესიული განათლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და შედეგის მანიშნებელი არის დასაქმების მაჩვენებელი.
„ჩვენ საქართველოში გვაქვს ცოტა, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგი მოდელი, სადაც სახელმწიფო და დამსაქმებელი ერთად ახორციელებს ამ პროექტს და დასაქმების მაჩვენებელი თითქმის 100%-ია. დამსაქმებელმა ყველაზე კარგად იცის, რა უნარების და ცოდნის კადრი სჭირდება, თავად არის ჩართული როგორც პროგრამის შექმნაში, ასევე მის განხორციელებაში და, ბუნებრივია, მთავარი მოგება, რაც ამ შემთხვევაში ქვეყანას, სახელმწიფოს და კერძო დამსაქმებელს სჭირდება, ეს არის ადამიანური კვალიფიციური კაპიტალი. ამ კოლაბორაციით ვიღებთ იმ საუკეთესო შედეგს, რომელიც არის გარდამტეხი პროფესიული განათლებისთვის. ეს გზა გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას, კერძო სექტორს, დამსაქმებელს შევთავაზებთ ასეთი თანამშრომლობის ძალიან ეფექტურ მექანიზმს“, – განაცხადა ამილახვარმა.