გიორგი ამილახვარმა სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა - მინდა, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, ტრადიციულად, უერთდება მსოფლიო ინიციატივას და ყოველ წელს ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
სტუდენტობა არის ის უმთავრესი ძალა, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტებს და შევთავაზოთ მათ სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ყველა სტუდენტისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
მეამაყება, რომ დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდა თავისი ცოდნითა და შემართებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მსურს, მივმართო ჩვენს სტუდენტებს, პირადად მე, ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი თქვენი ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების საქმეში“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.