გიორგი ამილახვარი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანს შეხვდა
გიორგი ამილახვარი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, იენს ბრანდენბურგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით განათლების ყველა საფეხურზე არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

გიორგი ამილახვარის თქმით, სამაგალითოა საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობა.

თავის მხრივ, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.

გარდა ამისა, იენს ბრანდენბურგმა მინისტრს საქართველოს სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის საგრანტო პროგრამის, Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერების თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პარტნიორობის გასაღრმავებლად“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

შეხვედრის შემდეგ სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს (DFG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.