გიორგი ამილახვარი - გარკვეულ ძალებს სურთ, ომში ჩაგვრთონ, საქართველო არ და ვერ გახსნის მეორე ფრონტს, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება მშვიდობის შენარჩუნებას ეფუძნება
გიორგი ამილახვარი - გარკვეულ ძალებს სურთ, ომში ჩაგვრთონ, საქართველო არ და ვერ გახსნის მეორე ფრონტს, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება მშვიდობის შენარჩუნებას ეფუძნება

არ დადასტურებულა არცერთი ფაქტი, რომ საქართველო რაიმე ფორმით უკანონო ტვირთებთანაა დაკავშირებული. პირიქით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარი გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.

ამილახვარის თქმით, ქვეყანას მადლობის წერილებიც კი აქვს მიღებული საერთაშორისო სანქციებთან შეერთებისთვის.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკვე პროპაგანდისტული ომის ახალი სერია დაიგეგმა, თითქოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის გარკვეული ჩიხია, მაშინ როდესაც თითოეულ განცხადებაზე ჩვენი პასუხია მყისიერი, პრინციპული, მკაცრიც და დოკუმენტებს ვითხოვთ. არცერთი ასეთი განცხადების დროს, არასდროს არანაირი მტკიცებულება და ფაქტი ბუნებაში არ ყოფილა. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა, რომ საქართველო რაიმე ფორმით უკანონო ტვირთებთანაა დაკავშირებული. პირიქით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა და სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რასაც მსოფლიო თანამეგობრობა შეერთებულია. როდესაც ბრალდებებს გვიყენებენ, ფინანსთა სამინისტროს პოზიცია იცით, რომ, პირიქით, ქვეყანას მადლობის წერილები აქვს მიღებული იმ ღონისძიებების გატარებისთვის, რასაც ჰქვია რუსეთის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო სანქციებთან შეერთება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარმა შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ის ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, საქართველოც შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.

გიორგი ამილახვარის თქმით, გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

„რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გადის და, ბუნებრივია, ქვეყანას საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ. საქართველო არ და ვერ გახსნის მეორე ფრონტს საქართველოში – იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, სხვადასხვა პროვოკაციული განცხადება იქნება თუ ქმედებები ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც თავის დროზე გულისხმობდა გარკვეული ჩარტერების გაგზავნას და ცოცხალი ძალის გადასხმას. ახლა უკვე გვესმის იარაღის გადაცემა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ გარკვეულ ძალებს უნდათ, რაღაცნაირად ირიბად ჩაგვრთონ ომში ახლა უკვე იარაღით და შემდეგ ალბათ ფრონტი უფრო გააფართოონ. სხვა ამოცანა ასეთი ტიპის განცხადებებს არ აქვს. ჩვენ ძალიან სწორხაზოვნად, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკის განვითარებას ეფუძნება“, – განაცხადა ამილახვარმა.