გიორგი ამილახვარი - გამოვრიცხავთ კოალიციას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე პარტიასთან „საქართველოსთვის“
გიორგი ამილახვარი - გამოვრიცხავთ კოალიციას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე პარტიასთან „საქართველოსთვის“

ჩვენ გამოვრიცხავთ კოალიციას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე პარტიასთან „საქართველოსთვის“, ეს გამორიცხული ამბავია, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა იმ საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება.

„შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ანუ ინდივიდუალურად, ამ პარტიის ერთეულ ადამიანებთან მოხდეს გარკვეული შეთანხმებები და ასე ვთქვათ, ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მოლაპარაკების პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭიროს მხარი ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამორიცხავს რამე კოალიციას ან იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასთან რამე ფორმით მოლაპარაკება შედგეს.

„ეს არის ჯანსაღი მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. გარკვეული პერიოდი უნდა დაველოდოთ და შევხედავთ, როგორ განვითარდება პროცესები მუნიციპალიტეტებში. განვითარდება ისე, როგორც ეს კანონით არის გაწერილი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ეს მაინც ისე დასრულდება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდებიან საკრებულოს თავმჯდომარეები. რაღაც გარკვეული პერიოდი მოგვიწევს, რომ დაველოდოთ. იმიტომ, რომ გარკვეულ პირებთან პოლიტიკური კონსულტაციები გაგრძელდება. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე ფორმით კოალიციაში შევალთ, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან გახარიას პარტიასთან“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამილახვარის თქმით, იმაში მოულოდნელი და ტრაგიკული არაფერია, თუ საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის კანდიდატი იქნება, როგორც მაგალითად, წალენჯიხაში აირჩია მოსახლეობამ მერად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი და ამბიცია, რომ მისი კანდიდატი იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, რაც ლოგიკური და ბუნებრივია, რადგან ეს არის პარტია, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს.

შეკითხვაზე, პროცესის დროში გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არჩეულმა საკრებულოებმა სრულფასოვანი ფუნქციონირება ვერ შეძლონ, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დაზარალდება, ამილახვარმა განაცხადა, რომ ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან საკრებულოს თავისი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნია, მაგრამ არის მერია და მერიები თავიანთ უფლებამოსილებას სრულყოფილად ახორციელებენ.

„ამიტომ, ამ კუთხით არანაირი კრიზისი არ იქმნება. თუ ახლა ეს უსასრულოდ გაგრძელდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურებიც არის და როგორც არის გაწერილი, ისე წავა, მაგრამ გამორიცხულია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ან საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარეები არჩეული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს ფუნქციონირება რამე ფორმით შეაფერხოს ან მერიის პროგრამების, თუ ადგილობრივი საკითხების მოგვარება. ეს გამორიცხულია. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და აქეთკენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ კანდიდატებსაც. ამიტომ, ყველაზე გონივრულია, შედგეს შეთანხმება ისე, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იყვნენ თავმჯდომარეები. მაშინ, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები არიან არჩეული მერად, ეს არის ყველაზე ლოგიკური“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, რადგან თუ ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარის არჩევა და თვითმმართველი ორგანოს ფუნქციონირება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მსგავსი მოცემულობა საკრებულოს დათხოვნის საფუძველი გახდეს, ამილახვარმა აღნიშნა, რომ პროცესები ასე თუ განვითარდა, ამ მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნება“ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან მმართველი პარტიის პოზიციები დღეს გაცილებით მყარია, ვიდრე არჩევნების დროს იყო.

„პოლიტიკურად ან საარჩევნო კუთხით, პრობლემას აქ ვერ ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ეს. იმიტომ, რომ მოსახლეობა დაიღალა ამდენი არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.