გიორგი ამილახვარი - გახარია ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში რაც დაბრუნდა, აკეთებს არათანმიმდევრულ განცხადებებს, რომ დევნიან, უთვალთვალებენ, მოვუწოდებთ მას, ფაქტები დადოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გიორგი გახარია, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში დაბრუნდა, არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ დევნასა და თვალთვალთან დაკავშირებით საუბრისას ფაქტები უნდა წარმოადგინოს, ან არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეეშვას.
ამილახვარი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრის გარდა, გახარიასგან რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოისმინა.
„სამწუხაროდ, რაც გიორგი გახარია ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში დაბრუნდა, მხოლოდ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ მას დევნიან, უთვალთვალებენ და ა.შ. ჩვენ მას მოვუწოდებთ, მოიტანოს, დადოს ფაქტები, ან დაანებოს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავი და შემოგვთავაზოს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრების გარდა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ.
გიორგი გახარიამ კონკრეტული ფაქტები უნდა დადოს, რას გულისხმობს.„ქართულ ოცნებაში“ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს, ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამიტომ ეს მათი შიდაპარტიული საქმეა. როგორც ჩანს, აქაც ხარვეზები აქვთ, ვერ ალაგებენ ურთიერთობას ტექნიკურ ნაწილში, ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ?“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, რაც დასასრულის დასაწყისია.
„ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.