გიორგი ამილახვარი ესტუმრა თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრი მიმდინარე სასწავლო პროცესს მოადგილეებთან, ტარიელ გუგავასთან, თამარ მახარაშვილთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ირინა მარგიშვილთან ერთად გაეცნო.
„გიორგი ამილახვარი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და მათთან სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირების მიმართულებით ახალ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შევიდა, მათ შორის არის სწორედ თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლები.
90-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებს გრაფიკული დიზაინის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. მომავალში მსურველთათვის სხვა პროგრამების შეთავაზებაც იგეგმება.
რაც შეეხება 21-ე საჯარო სკოლას, მე-11 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სარესტორნო მომსახურება.
მოგეხსენებათ, ახალი ინიციატივა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.
მიმდინარე წელს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება 20 საჯარო სკოლაში დაიწყო.
მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.