გიორგი ამილახვარი - ეს არჩევნები ერთადერთი, იმის რეფერენდუმია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები უკვე მერვედ, საბოლოოდ დავამარცხოთ და პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ
ეს არჩევნები ერთადერთი, იმის რეფერენდუმია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე მერვედ, საბოლოოდ დავამარცხოთ და პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ის თეორიულად, ვერანაირად ვერ დაუკავშირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. იმიტომ, რომ დღეს, საქართველოში ამის საფუძველი, საბაბი და მოთხოვნა არ არსებობს. მეორე, „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ზე გაცილებით მეტ პროცენტს დააფიქსირებს და სულ რომ სამი პროცენტი მივიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არანაირად არ დაინიშნება. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან იმიტომ არ გავედით, რომ რამე ფორმით 43%-იანი ნიშნულის გვეშინოდა“, – განაცხადა ამილახვარმა.
ამ განცხადებით გიორგი ამილახვარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და გზა საპარლამენტო არჩევნებისკენ.
შეკითხვაზე, რას ეყრდნობა „ქართული ოცნების“ ოპტიმიზმი და ასეთი დავდაჯერებული განცხადებები, რომ მმართველი პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნების მსგავს შედეგს მიიღებს, მაშინ, როცა IPSOS-ისა და EDISON-ის კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 35%-ის ფარგლებშია და დედაქალაქში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გამოაქვეყნა IPSOS-ის დღევანდელი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული კვლევები, სადაც საარჩევნო შედეგებთან მიმართებით 15%-იანი ცდომილებაა და ასეთ კვლევებს ვერანაირი ვალიდურობა ვერ ექნება.
„ასევე, როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც 0,6% აქვს და 6%-ს დაუწერ, ამ ყველაფრის შემდეგ ამ კვლევების ვალიდურობაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. იმიტომ, რომ ეს არის ერთი ტელევიზიის დირექტორის კაბინეტში დაწერილი კვლევები და მხოლოდ და მხოლოდ მათ სურვილებსა და ოცნებებს ემსახურება, მეტი არაფერი. რომელ კვლევასაც 15%-იანი ცდომილება აქვს, ვერანაირი ვალიდურობა ვერ ექნება“, – განაცხადა ამილახვარმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შედეგებს პროგნოზირებს „ქართული ოცნება“ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევები გამოაქვეყნა და ამ დღეებში, განახლებული მონაცემები კიდევ ექნება.
„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად აიღებს იმ პროცენტს, რაც ჩვენ კვლევებში დავდეთ. ასევე, კახა კალაძე ამ არჩევნებს პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს. ასე რომ, აქ რამე მოლოდინი და მინიშნება, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნები რამე ფორმით შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რეფერენდუმთან, არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა ამილახვარმა.
შეკითხვაზე, როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი ოპოზიციის მიმართ, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს და 3 ოქტომბრის შემდეგ აქციებიც იქნება, ამილახვარმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ სახელისუფლებო მანდატი როგორმე არჩევნების, ამომრჩევლების გვერდის ავლით მიიღოს, მაგრამ ეს არ მოხდება.
„ეს ფილმი ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს, რომ იქნება გამოსვლები. როგორც გამოვლენ ქუჩაში, ისევე შევლენ სახლში უკან. იქნება კანონის დარღვევა? იქნება მყისიერი პასუხი, კანონის ფარგლებში, კანონის სრული სიმკაცრით. ამიტომ, აქ ვერაფერი ვერ მოხდება. ამ ქვეყანაში მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელიც 2 ოქტომბერს გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.