გიორგი ამილახვარი - ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო საფეხურზე გადასვლა ვერ მოხერხდება, ამისთვის აუცილებელი იქნება ორწლიანი პროგრამის გავლა
გიორგი ამილახვარი - ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო საფეხურზე გადასვლა ვერ მოხერხდება, ამისთვის აუცილებელი იქნება ორწლიანი პროგრამის გავლა

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უნივერსიტეტებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, თუმცა ეს არ ეხება ყველა მიმართულების საბაკალავრო პროგრამას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ბიზნესის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტების რექტორების ფართო ჩართულობით, მივიღეთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკას. პირველად შემოგვაქვს უმაღლეს განათლებაში ბაკალავრის საფეხურზე სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, გააგრძელონ ოთხწლიანი პროგრამები, რომლებიც ახლა არის სისტემაში. უბრალოდ, დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა. პირველ ეტაპზე, ასევე ექსპერტებთან ფართო კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შეეხოს მხოლოდ ბიზნესის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც დასაშვები იქნება როგორც ქართულ ენაზე, ისე ინგლისურ ენაზე უცხოელი სტუდენტებისთვის. ეს პროცესი არ გაჩერდება და სხვადასხვა კონსულტაციის შედეგად, ვფიქრობთ, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები ეტაპობრივად სხვა დარგებზეც გავავრცელოთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები მაგისტრატურასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სამაგისტრო პროგრამა კონკრეტულ მიმართულებაზე ერთწლიანი გახდება. ამილახვარის განმარტებით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილებაც მხოლოდ ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება.

განათლების მინისტრის თქმით, სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი არ აქვს, მას ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება.

„შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ერთწლიანი, ანუ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა. პირველ ეტაპზე ესეც ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რომლის მიხედვითაც, თუ აბიტურიენტს არ უნდა გრანტის მოპოვება, მას პირდაპირ, ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. ვფიქრობთ, სამაგისტრო საფეხურზე ეს არის მოქნილი პროგრამა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს აძლევს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს შესთავაზონ სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის პროგრამები, მეორე მხრივ, ხელს აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ვიწრო მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელი არ იქნება.

„ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით ვერ მოხერხდება სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება. ამისთვის აუცილებელი იქნება ორწლიანი, 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის გავლა, რომელიც დღეს სისტემაში არაერთი გვაქვს. სადოქტორო საფეხურს აქვს თავისი კვლევითი სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილება და ამოწურვაც ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით ვერ ხდება. ამიტომ აუცილებელი იქნება ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის გავლა. საერთაშორისო სტანდრატის მიხედვით, რომელიც არის როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ საგანმანათლებლო ქვეყნებში, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კონკრეტული მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება, თუმცა არ სურთ შემდგომი აკადემიური სწავლის თუ საქმიანობის გაგრძელება. ამიტომ ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ საერთაშორისო სტანდრატებს და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.