გიორგი ამილახვარი - ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა, ეტაპობრივად განათლების პოლიტიკის ფორმირება დაეფუძნოს პროცესების დაკვირვებას, ანალიზს და არა ჩაკეტილ კაბინეტში ორი-სამი ადამიანის გადაწყვეტილებებს
ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა, ეტაპობრივად და რაც შეიძლება სწრაფად, განათლების პოლიტიკის ფორმირება დაეფუძნოს პროცესების დაკვირვებას, ანალიზს, კვლევებს, უკუკავშირების მიღებას და არა ჩაკეტილ კაბინეტში ორი-სამი ადამიანის გადაწყვეტილებებს, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა ჩვენ სისტემაში კვლევითი ცენტრი, რომელმაც სამი უდიდესი კვლევა ჩაატარა და ასე ვიტყოდი, ნაშრომი შექმნა იმ უმნიშვნელოვანეს, მწვავე საკითხებზე, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. სწორედ ამ კვლევებს დაეფუძნა გადაწყვეტილებები, რომელიც უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და მათ შორის, სახელმძღვანელოებში არსებულ მდგომარეობას, თუმცა ეს მესამე კვლევა ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული, მხოლოდ ერთი ნაწილია, პროცესი გრძელდება და უახლოეს თვეებში ალბათ, გრიფირების პროცესის მოცვის შემდგომ უფრო ფართოდ იქნება მისი განხილვა და საზოგადოებისთვის წარმოდგენილი. ჩვენ სწორედ აი, ამ კვლევებს დავაფუძნეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გუშინ გავაჟღერეთ. ეს გამოწვევები ჩვენ თვითონ დავაიდენტიფიცირეთ, დავალება მივეცით კვლევით ცენტრს, რომ პირველ რიგში, ეს კვლევები გაეკეთებინათ და ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება სხვადასხვა საკითხზე“, – განაცხადა ამილახვარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად ემთხვევა, ან არ ემთხვევა PISA-ს კვლევის შედეგები იმ ცოდნას, რომელიც აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამინისტროს ცოდნა PISA-ს კვლევის შედეგებს ნაწილობრივ უკავშირდება.
„მე მგონი, ჩვენ არ ვართ კმაყოფილებით აღსავსე იმით, რა შედეგები გვაქვს და როგორ გვაქვს. ამას, სიმართლე გითხრათ, არ სჭირდებოდა არც PISA-ს კვლევა, ისედაც ვიცით, სისტემაში რა ხდება. PISA-ს კვლევა რომ პოლიტიზირების საგანი გახდა და დრამატურგიის რაღაც მწვერვალებს აღწევს ზოგიერთი ტელევიზიის სიუჟეტები, ამაზე მე მგონი, თავად საზოგადოება უკვე სერიოზულად აღარ რეაგირებს. ჩვენ რეალურად ვუსწორებთ თვალს გამოწვევებს და სწორედ ეს გამოწვევები რომ გვაქვს, საფუძველი დაედო იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საზოგადოებას გუშინ მოვახსენეთ. ყველას კარგად ესმის, თითოეული საკითხის უკან რამხელა ძალისხმევა არის ჩადებული და არის ჩასადები, რომ სწორედ ეს გამოწვევები დავძლიოთ ჩვენს სისტემაში“, – განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, PISA-ს ბოლო კვლევა 2018 წელს ჩატარდა და თუ შევადარებთ, მონაცემები უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.
„არც გაუმჯობესებულია, მაგრამ არც გაუარესებული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პანდემიის უდიდესი ზეგავლენა იყო განათლებაზე და განსაკუთრებით, ზოგად განათლებაზე. შესაბამისად, თუ ამ კვლევის რეალური ანალიზი გვინდა, ერთზე ნამდვილად მიუთითებს, რომ პანდემიის დროს, რაც მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, სკოლებისთვის გამოწვევა იყო, ქართული სკოლების განათლებამ, ასე ვიტყოდი, საკმარისზე მეტი მედეგობა აჩვენა. მან შეძლო გამოწვევებთან ადაპტირება, რომ გამკლავებოდა იმ პროცესს და მე პირდაპირ ვიტყვი – რომ არა პანდემია, ჩვენ ეს შედეგები გაუმჯობესებული გვექნებოდა. აი, ეს არის ახლა რეალური მოცემულობა PISA-ს კვლევაში. თქვენ იცით, რომ PISA-ს კვლევა სამი მიმართულებით ტარდება და ისეთი ქვეყნებს, როგორიც არის აშშ-ი, დანია, ფინეთი, იტალია და ასეთი წამყვანი ქვეყანა დაახლოებით, ათია, მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აქვთ, თუ 2018 წლის შედეგებს შევადარებთ. მათი მონაცემები ქვევით არის წამოსული. არ მინდა, საზოგადოებას გაუჩნდეს აღქმა, რომ მე თავს ვიწონებ, ან თავს ვიმართლებ და სიტუაციიდან გამოსვლა მინდა, მაგრამ ობიექტური ანალიზი ამას იძლევა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები არსებობს ჩვენ სისტემაში და გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, ეფუძნება იმას, რომ ეს გამოწვევები უახლოეს რამდენიმე წელიწადში იქნას გადაჭრილი ყველა მიმართლებით, იქნება ეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებელთან დაკავშირებული კვალიფიკაცია, პროფესიული განვითარება, სახელფასო პოლიტიკა, ეროვნული სასწავლო გეგმა, ეროვნული შეფასება, სკოლის დირექტორების, ლიდერების არჩევნები, კონკურსები, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს PISA-ს კვლევების მთელი ციკლი გამოტოვეს, რათა საზოგადოებისთვის არ ეჩვენებინათ, რა მდგომარეობა იყო, ახლა კი სისტემა აბსოლუტურად გახსნილია, რომ გამოწვევებზე ისაუბროს.