გიორგი ამილახვარი - ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელმაც საბოლოო ჯამში, უკეთესი ხარისხის განათლებასთან უნდა მიგვიყვანოს
ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელმაც საბოლოო ჯამში, უკეთესი ხარისხის განათლებასთან უნდა მიგვიყვანოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმის ასე ვთქვათ, რევიზიის ეტაპი უკვე დავასრულეთ და ეს ბევრ კომპონენტს უკავშირდება. მეორე ეტაპი, რომელიც დაწყებული გვაქვს და პრინციპში, ციკლიც მოუწია, ეს არის საგნობრივი სტანდარტის გადახედვა, რაც სკოლაში გვაქვს. ჩვენ ამას დაახლოებით, სამ თვეში დავასრულებთ, გაზაფხულზე და ის ბუნებრივია, დაეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. უკვე გაზაფხულის შემდგომ სისტემაში ვიწყებთ ყველა სახელმძღვანელოს მორგებას საგნობრივ სტანდარტებთან და ისედაც მოუწევს, ვინაიდან ციკლი 6, თუ 7-წლიანია და ისედაც უწევს საგნობრივ სტანდარტებს გადახედვა. აი, ეს არის ახლა უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომ უკეთესი ხარისხის სახელმძღვანელოები და საგანმანათლებლო რესურსები შევქმნათ, რომელსაც დაახლოებით, ორი-სამწლიანი ციკლი სჭირდება.
მეორე, პარალელურ რეჟიმში ვიმუშაოთ პედაგოგებთან ერთად სწავლის მეთოდიკაზე, მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე და მესამე, უნდა შევქმნათ სწორი და გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. აი, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელსაც 3-4 წლის პერიოდში ჩვენ ვხედავთ და ყველა მიმართულებით გაშლილი გვაქვს ფრონტი. ვფიქრობ, სწორი დიაგნოსტიკა ჩატარებულია, სწორი გადაწყვეტილებებია და სწორი გეზით მივდივართ. ბუნებრივია, ასე ერთ დღეში, თუ ერთ თვეში განათლებაში შედეგს ვერ ვხედავთ, მაგრამ დავიმახსოვროთ დღევანდელი გადაცემა, მე დარწმუნებული ვარ, ამ ჩვენი მიდგომებით სამ-ოთხწლიან პერიოდში და PISA-ს შემდგომ კვლევებში სისტემამ უნდა დაინახოს გარკვეული გაუმჯობესება. ეს არის ნაბიჯები, რომელმაც საბოლოო ჯამში, უკეთესი ხარისხის განათლებასთან უნდა მიგვიყვანოს“, – განაცხადა ამილახვარმა.
ამ განცხადებით გიორგი ამილახვარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია ის ვითარება, რაც PISA-ს კვლევამ აჩვენა, რომ მათემატიკის მიმართულებით PISA-ს ტექნოლოგიით მეხუთე-მეექვსე დონეს ჩვენი მოსწავლეების მხოლოდ ერთ პროცენტს აღწევს, ხოლო წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის ნაწილში და საბუნებისმეტყველო საგნებთან დაკავშირებით ერთ პროცენტსაც ვერ აღწევს.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, PISA კვლევა იქნებოდა, თუ არა, სამინისტროს გაკეთებული აქვს არსებული გამოწვევების რეალური დიაგნოსტიკა და შესაბამისად, ყველა მიმართულებით წარმოადგინა გეგმაც, ხედვაც, გადაწყვეტილებებიც და დროში გაწერილი ნაბიჯებიც.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სკოლების ავტონომიასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა გადაცემაში სტუმრად მყოფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, ალექსანდრე ცაგარელმა, რომ სკოლის ავტონომია, ცალკე აღებული, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის და სხვა დამატებითი პრობლემების ფონზე, რამდენად აქვს სამინისტროს გააზრებული რისკები, რომელიც შეიძლება, ამ ნაბიჯს მოჰყვეს და უნდა მოხდეს თუ არა ავტონომიურობაზე გადასვლა სერიოზული მაკონტროლებელი და მხარდამჭერი მექანიზმების თანხლებით. რაზეც გიორგი ამილახვარმა უპასუხა, რომ ამ ნაბიჯით სკოლას და პედაგოგს ეძლევა მეტი აკადემიური თავისუფლება, შემოქმედებითობის მეტად გამომჟღავნების შესაძლებლობა და იმის შესაძლებლობა, რომ ადმინისტრირება, მართვა, სასწავლო გეგმის დამუშავება, მათ შორის, შეფასებების, მიდგომების, თუ მეთოდების განსაზღვრა თავად მოახდინონ, ვინაიდან პედაგოგმა უკეთ იცის თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროება, ხოლო რაც შეეხება დამხმარე სერვისებს და მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით სკოლა ამ ყველაფრის გარეშე არ დარჩება.
„ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას საერთაშორისო ლიტერატურა და პრაქტიკა მოწმობს, რომ თუ ჩვენ მათ მივცემთ აკადემიურ თავისუფლებას, უკეთეს შედეგებზე გავალთ, ვიდრე ცენტრალიზებული, რაღაც იმპერატიული მითითებების მიცემის შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პირველად დაიწყო საუბარი სკოლის დამოუკიდებლობაზე, ავტონომიაზე და ეს პროცესი მრავალწლიანი იქნება, საბოლოოდ კი, ეს სკოლების რეალური დეცენტრალიზაციით უნდა დამთავრდეს.