გიორგი ამილახვარი - ჩვენ, სახელმწიფო ვხდებით ინვესტორი პროფესიულ განათლებაში და მზად ვართ, პროფესიული განათლება კერძო სექტორის ჩართულობით, მათთან ერთად განვახორციელოთ
გიორგი ამილახვარი - ჩვენ, სახელმწიფო ვხდებით ინვესტორი პროფესიულ განათლებაში და მზად ვართ, პროფესიული განათლება კერძო სექტორის ჩართულობით, მათთან ერთად განვახორციელოთ

ჩვენ, როგორც მარტივად, ისე ფილოსოფიურად შევცვალეთ პროფესიული განათლების მიმართ მიდგომა და ეს უაღრესად დიდი შედეგის მომტანი იქნება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ჩვენ, სახელმწიფო ვხდებით ინვესტორი პროფესიულ განათლებაში და არა მხოლოდ ტექნიკური, თუ მეთოდოლოგიური მხარდაჭერით. მინდა, ეს ნათლად გაიგოს კერძო სექტორმა. გამოხმაურება და დაინტერესება გვაქვს ძალიან დიდი და ჩვენ აღარ გვინდა დამოუკიდებლად პროფესიული განათლების განხორციელება. მზად ვართ, ეს გავაკეთოთ მათი ჩართულობით, მათთან ერთად. იდენტიფიცირებული გვაქვს რვა მიმართულება, რომელიც დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. გვინდა, მას ვუპასუხოთ და ამასთან ერთად, სისტემაში მიდის ყველა კვალიფიკაციის, ანუ პროგრამების გადამუშავება. ვასახელებ კონკრეტულ თარიღს, ორ წელიწადში პროფესიული განათლების სისტემაში იქნება სრულიად განახლებული კვალიფიკაციები და პროგრამები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ორ წელიწადში ჩვენ ვფიქრობთ რამდენიმე ათასიანი სიმძლავრის შექმნას საჯარო-კერძო პარტნიორობის შესაბამისად, სადაც რამდენიმე ათას პროფესიულ კადრს მივაწოდებთ შრომის ბაზარს. ეს არის ჩვენი კონკრეტული, მიზანმიმართული გეგმა, რომელსაც არ გადავუხვევთ და მე დარწმუნებული ვარ, ორი წლის თავზე გვექნება კონკრეტული, ხელშესახები, დიდი შედეგები“, – განაცხადა ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კერძო სექტორს პროფესიულ განათლებაში აქტიურობა სთხოვა.

„სახელმწიფო დღეს გახსნილია, ღიაა, ყველა კარგი ინიციატივა დააფინანსოს და ერთობლივად გავაკეთოთ პროფესიული განათლება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.