გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სპეციალურ ბრიფინგზე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის დეტალებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვრის თქმით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა. სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მისი თქმით, კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა დათანხმდა, გარდა ორი უნივერსიტეტისა.
„ჩვენ, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ, ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან, ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი“, – დასძინა გიორგი ამილახვარმა.