გიორგი ამილახვარი - 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება
2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების, დაახლოებით, 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე“, – განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება ანაზღაურების მატება, შედეგად, ამილახვარის განცხადებით, ბოლო წლებთან შედარებით, ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს.
„ჩნდება კითხვა, რატომ პირველი ივლისიდან? იმიტომ, რომ აუცილებელია, სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.