გიორგი ამილახვარი - 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს
2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელფასების გაზრდა 2024 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
„2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა, მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. ამიტომ ჩვენ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის დროს აქცენტს ხელფასის ზრდაზე გავაკეთებთ. ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს ექვსი თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.
გვსურს, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში, ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში, მრავალი წელია, არ განხორციელებულა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.