გიორგი აბუთიძე - უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებები გაფორმდება ახალ კომპანიებთან, რის შემდეგაც წერეთლის გამზირზე გაგრძელდება სამუშაოები, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა ჩვეულებრივ აღდგება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი აბუთიძის განცხადებით, კომპანიებმა, რომლებმაც ვალდებულება აიღეს წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციაზე, ვერ დაგეგმეს სამუშაოები ისე, რომ პროექტი ვადაში დასრულებულიყო.
გიორგი აბუთიძე განმარტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაფიქსირდა დარღვევები, რის გამოც კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრის კვლევის შედეგად უახლოეს პერიოდში გამოვლინდებიან კომპანიები, რომლებიც გააგრძელებენ წერეთლის გამზირზე სამუშაოებს.
„იყო არაერთი დარღვევა, ეს გამოიხატებოდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმის დარღვევაში. სისტემატურად ხორციელდებოდა ჩვენი მხრიდან კონტროლი და დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როცა კომპანიები არ მუშაობდნენ, არ აწარმოებდნენ სამუშაოებს, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა და დაჯარიმდნენ ეს კომპანიები. ასევე, გამოვლინდა პროექტთან შეუსაბამო და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ამ ყველაფრის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალმხრივად შეწყვეტილიყო ხელშეკრულებები. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომლის შედეგად გამოვლინდება კომპანიები, რომლებიც გააგრძელებენ სამუშაოებს. ეს იქნება უახლოეს ორ დღეში. დღეს, ხვალ ალბათ ხელშეკრულებები გაფორმდება ახალ კომპანიებთან, რის შემდეგაც გაგრძელდება სამუშაოები.
შენიშვნები და შეფერხებები იყო. როგორც მოგეხსენებათ, თავიდან ასეთი მასშტაბის სამუშაოებზე მუშაობს სხვადასხვა კომპანია. ეს იყო GWP-ი, რომელიც თავის ქსელებს ცვლიდა, „თბილისი ენერჯი“, „თელასი“ და ა.შ. მაშინ უფრო ნაკლებად ჰქონდათ სამუშაო საგზაო კომპანიებს, ანუ იმ კომპანიებს, რომლებმაც ტენდერი მოიგეს. როცა უკვე მარტო დარჩნენ ეს კომპანიები, რომლებსაც რეაბილიტაცია უნდა დაესრულებინათ საბოლოოდ, მაშინ უფრო გამოიკვეთა დარღვევები. ბოლოს, როცა შეუძლებელი იყო პროგნოზის გაკეთება, როდის დასრულდებოდა პროექტი, ამ დარღვევების და ყველაფრის გათვალისწინებით მოხდა ხელშეკრულებების შეწყვეტა“, – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.
გიორგი აბუთიძის განმარტებით, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე დარჩება.
„რაღაც სამუშაო შესრულდა უხარისხოდ, არა ისეთი სტანდარტებით, როგორც უნდა შესრულებულიყო. შემდეგ უწევდათ ამ კომპანიებს სამუშაოების გამოსწორება. ეს დამატებით დროს მოითხოვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოხდა ის, რომ ვადაში ვეღარ დასრულდა სამუშაოები. როგორც ხედავთ, მთლიანად ჩაკეტილი არ არის ობიექტი და მანქანები მოძრაობენ. ხდება მცირე შეჯახებები მანქანით, გაკეთებული ინფრასტრუქტურის დაზიანებები, ამიტომ ვჩქარობთ, რომ გადაუდებელი წესით გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რათა მალე გავაგრძელოთ სამუშაოები, რომ საბოლოო სახე მივცეთ ამ პროექტს. როგორც ნათქვამი გვაქვს, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში საგზაო მოძრაობა ჩვეულებრივად აღდგება“, – განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ.