გიორგი აბურჯანია „ტვენტეს“ შეუთანხმდა
გიორგი აბურჯანია „ტვენტეს“ შეუთანხმდა
გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიურ „ტვენტეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ჰოლანდიური მედია ავრცელებს.
 
„ტვენტემ გიორგი აბურჯანია დაიმატა. მართალია, ჯერ ოფიციალურად ეს სიახლე კლუბს არ გამოუცხადებია, მაგრამ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ენსხედეში იმყოფებოდა და გუნდს შეუთანხმდა. აბურჯანიას კარგად იცნობენ გუნდის მთავარი მწვრთნელი გონსალო გარსია და ტექნიკური დირექტორი თეო ვან ლეუვენი. ისინი ადრე ერთად კვიპროსულ „ანორთოსისშიც“ მუშაობდნენ, სადაც აბურჯანიაც თამაშობდა. ქართველი ფეხბურთელი „ტვენტეს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება“, – წერს „ფუტბოლზონე“ (Voetbalzone).
ჰოლანდიური გამოცემის ცნობით, „ტვენტემ“ აბურჯანია ორწლიანი იჯარით დაიმატა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლო ლა ლიგა2-ის „ლუგოში“ გამოდიოდა, მაგრამ მისი ტრანსფერი „შევილიას“ ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია თამაშობდა რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“, 2014 წლიდან კი ევროპაში წავიდა, სადაც გამოდიოდა „ანორთოსისში“, ესპანურ „ხიმნასტიკში“, „სევილიასა“ და „ლუგოში“.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ტვენტე“ ერედივიზიონიდან ფინანსური რეგლამენტის დარღვევის გამო მოკვეთეს და ევროთასებზე გამოსვლა სამი წლით აუკრძალეს. ერედივიზიონში გუნდი მხოლოდ 2018 წელს დაბრუნდა.
აბურჯანია პირველი ქართველი არაა, რომელიც ამ კლუბის ფორმას მოირგებს – 2003–2006 წლებში გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გოგა გახოკიძე იცავდა.