გიორგი აბაშიშვილი - თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს დილით კომისიის წევრები ტრადიციულად შეკრებისთვის იუსტიციის სახლში მივიდნენ და არ შეუშვეს.
“მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს განცხადება გავაკეთე, სადაც აღვნიშნე, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიზანი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გაძლიერება, საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო. შესაბამისად ოთხი თვის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ვიმუშავეთ და კონკრეტული შედეგი მივიღეთ. კომისიის თავმჯდომარედ თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა შეირჩა, რომელიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენს და მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას ერთი წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი ეროვნული უშიშროების საბჭოდან დაემატა. სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალეობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა. იმ შენობიდან, სადაც ეს კომისია წლების განმავლობაში მუშაობდა. დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას საკუთარი საქმიანობა განახორციელონ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, შენობა, საიდანაც თეა წულუკიანმა კომისიის წევრები გამოასახლა, სახელმწიფოს ეკუთვნის და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს.
“იუსტიციის სამინისტრო განაცხადების მიღებას განაგრძობს, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. თუ კომისიას მუშაობის საშუალება არ მიეცემა, ეს ადამიანები ფულს დაკარგავენ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია კომისიის მიმართ ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ასეულობით ადამიანების მდგომარეობა გვაღელვებს, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას. ამ წუთას ეს კომისია ქუჩაშია. დღეს იუსტიციის მინისტრმა კომისია გამოასახლა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, კომისია 2004 წლიდან მუშაობდა, ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა.
„პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ ორი წარმომადგენელი ეყოლება – ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც- ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა 10 იანვრის პრესკონფერენციაზე.