გიორგი აბაშიშვილი - საქართველოში დაბრუნებისთანავე პრეზიდენტი ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება
გიორგი აბაშიშვილი - საქართველოში დაბრუნებისთანავე პრეზიდენტი ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს აფასებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ითვალისწინებს და  ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში გამოკვეთილი მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობას მიესალმება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე არსებობს სრული ორპარტიული თანხმობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოშიც გამოიკვეთა მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობა. შესაბამისად, პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.