გიორგი აბაშიშვილი - ლარი ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, უფრო მკაფიო ნაბიჯები გვჭირდება მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან
უფრო მკაფიო ნაბიჯები გვინდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან, რადგან ლარი ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე და მგრძნობიარე თემაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შესაძლო პიკური სცენარის განვითარების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის საკითხი განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ აფასებს აბაშიშვილი პანდემიის ფონზე მთავრობის გეგმას და უკვე გადადგმულ ნაბიჯებს.
აბაშიშვილის მოსაზრებით, არსებული მძიმე ვითარების გათვალსიწინებით, აქამდე მთავრობამ სრულიად სწორი და ადექვატური ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეროვნული ვალუტის მიმდინარე მკვეთრი გაუფასურების საკითხი მეტ გამჭვირვალობას და აქტიურობას მოითხოვს, რადგან ამ თემას მოსახლეობა ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს.
„რაც უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არ არის საბაზრო რეალობა [ლარის კურსის რყევა], ეს მოლოდინების ფაქტორია და ა.შ., ფაქტია, რომ ეს რეალობა დაგვიდგა. ამიტომ, ვფიქრობ, ცოტა უფრო მკაფიო ნაბიჯები გვჭირდება მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. ცოტა უფრო ნათელი გეგმები გვჭირდება, რას აპირებენ დროის გარკევულ მონაკვეთში. მესმის, რომ ფორსმაჟორული სიტუაციაა და უკიდურესად კრიზისული სიტუაციაა. ამიტომ ამ წუთას არავინ კონკრეტულ გეგმას არ ითხოვს, მაგრამ ცოტა მეტი კონკრეტიკა და დროში გაწერილი მეტი ქმედება ალბათ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჯამური სიტუაცია დასტაბილურებულიყო.
აქამდე გადადგმული ნაბიჯები არის სწორი და ადექვატური, უბრალოდ ამ ნაწილში მოლოდინების მართვა კურსთან დაკავშირებით უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე რეალური ტიპის ნაბიჯები, რაც მივიღეთ. ის, რომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ასეთი ჰარმონიული თანამშრომლობაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ნაბიჯები თითქმის არასოდეს მახსოვს. მიუხედავად ამისა, მეტი კონკრეტიკა გვჭირდება იმ სფეროებში, რომელიც მოსახლეობის განწყობაზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს და სენსიტიური თემაა,“ – განაცხადა აბაშიშვილმა.
რაც შეეხება შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე სამსახურიდან შესაძლო დათხოვნების პრობლემას, აბაშიშვილს მიაჩნია, რომ აქ ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა.
„ახლა ძალიან კარგად გამოჩნდება, არიან თუ არა კომპანიები პასუხისმგებლები საკუთარ თანამშრომლებთან მიმართებაში. მგონია, რომ სახელმწიფომ გააკეთა მაქისიმუმი და დროა, კომპანიებმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგან, შეძლებენ თუ არა უზრუნველყონ თანამშრომლების სოციალური უსაფრთხოება. სახელმწიფო ვერავის აიძულებს ამას, ეს კეთილი ნება უნდა იყოს“, – განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.