პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „ომეგა“ ჯგუფის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან შეხვედრას აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს აბაშიშვილმა განუცხადა, მას შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მისცა.
„საქართველოს პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების საგანია. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისეთი, როცა რომელიმე მედიასაშუალების მიმართ კითხვის ნიშანი გაჩენილა და ამ პროცესში პრეზიდენტი არ ჩართულიყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გარკვეული კითხვები არსებობს და ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდები. პრეზიდენტის დავალებით ნატო ჩხეიძეს შევხვდები. შემდეგ პოზიციას მას შემდეგ დავაფიქსირებთ, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – დასძინა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.