„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება უადგილო და არაადეკვატური იყო.
მისი თქმით, დაპირისპირება სწორედ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამის პროვოცირებას ახდენს.
„არ შეიძლებოდა, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ერთიანი საქართველო“ არ გამოხმაურებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის ამ ფორმით და შინაარსით აბსოლუტურად უდროო და არაადეკვატურ განცხადებას. საუბარია ძალადობის პროვოცირებაზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალადობის პროვოცირებას ახდენს „ქართული ოცნება“, რადგან დღეს არავის სჭირდება ისე ძალადობა და დაპირისპირება საზოგადოებაში, როგორც „ქართულ ოცნებას“. მათ ძალადობა დაიწყეს ფსიქიკაზე. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა საუკუნის აფიორა ჩაუტარეს ქართველ ხალხს, როდესაც ჩვენთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ დანაპირები რადიკალურად შეცვალეს. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პარლამენტთანაც და მოლაპარაკებებზეც, თუ რამე სახის მოლაპარაკება შედგება.
„ეს არის ზეპარტიული, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი იყო მოლოდინით აღსავსე, რომ მიიღებდა მრავალპარტიულ, ნანატრ დემოკრატიულ არჩევნებს და თქვენ ეს ბოლო წუთს შეცვალეთ. ამიტომ იქ მოდიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. იქ ვართ ჩვენ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და ჩვენ სათქმელს ვამბობთ. გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციის დამტკიცებას პარლამენტთანაც და მოლაპარაკებაზეც, თუ ასეთი გაიმართება“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალუმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი აღარ აპირებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რამე ახალი ინიციატივის განხილვას.